მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკა და იაპონია ახალ სავაჭრო პირობებზე შეთანხმდნენ

აშშ

დონალდ ტრამპი გლობალური სავაჭრო წესრიგის გადალაგებას აგრძელებს. ამჯერად, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო გარიგების პირობები კრიტიკულად მნიშვნელოვან მოკავშირესთან — იაპონიასთან შეათანხმა.

ახალი კონტრაქტის თანახმად, იმპორტიორებს 15%-იანი ტარიფი დაუწესდებათ, რომელიც ასევე გავრცელდება იაპონურ ავტომწარმოებლებზე, ანუ Toyota, Honda, Suzuki და სხვები ევროპულ და კორეულ ავტომწარმოებლებზე უკეთეს სავაჭრო პირობებს მიიღებენ, რადგან სხვა ქვეყნებისთვის 25%-იანი ტარიფი მოქმედებს.

იაპონიისთვის საავტომობილო ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორია, რომელზედაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 3% მოდის. გასულ წელს, იაპონიიდან $110 მილიარდის ღირებულების 5.5 მილიონი ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რითაც საექსპორტო საქონელში მსუბუქმა მანქანებმა პირველი ადგილი დაიკავა. ამ ავტომობილების დიდი ნაწილი ამერიკაში ხვდება, რომელიც ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია. იაპონურ საავტომობილო კომპანიებს შორის განსაკუთრებული მოთამაშეები არიან Toyota, Mitsubishi და Honda.

ტარიფების გარდა, დონალდ ტრამპმა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საინტერესო საინვესტიციო წინაპირობაც გამოივაჭრა, რომლის თანახმად იაპონია აშშ-ში $550 მილიარდის ინვესტიციას დააბანდებს. ტრამპის თქმით, გარიგება, რომელიც უკვე ხელმოწერილია, ისტორიაში ყველაზე დიდი სავაჭრო შეთანხმებაა, რომელიც იაპონიასთან ოდესმე გაფორმებულა. პრეზიდენტის პროგნოზით, ქვეყანაში ასობით ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ხოლო ამერიკას იაპონური ინვესტიციის შედეგად გენერირებული მოგების 90% დარჩება.

კონკრეტული დეტალები დონალდ ტრამპს არ გაუსაჯაროებია, მაგრამ, როგორც პირველადი ანალიზის შედეგად იკვეთება, გარიგების ძირითადი პოსტულატები ავტომობილებს, ბრინჯს და სოფლის მეურნეობის პროდუქტებს, ნახევარგამტარებს და მედიკამენტებს უკავშირდება. იაპონიის მხრიდან მომლაპარაკებლის, რიოსეი აკაზავას განცხადებით, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია იმ იაპონურ კომპანიებში განხორციელდება, რომლებიც ამერიკაში ოპერირებენ. გარიგება ასევე ითვალისწინებს ამერიკაში იაპონური სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გაზრდას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები