სტეიბლკოინების ემიტენტმა კომპანია Circle-მა აშშ-ის მარეგულირებლისგან სატრასტო ბანკის საქმიანობის ნებართვა მიიღო. როგორც ირკვევა, ახალი ფინანსური ინსტიტუტი Circle National Trust-ის სახელით იფუნქციონირებს.
დასახელებული ლიცენზია კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი რეგულირებადი USDC-ის რეზერვები დამოუკიდებლად მართოს, რომლის ბრუნვაც ამჟამად 73 მილიარდ დოლარს აღემატება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აქამდე Circle-ი მიმოქცევაში არსებული ციფრული ვალუტის გასამყარებლად ნაღდი ფულისა და აშშ-ის სახელმწიფო სახაზინო ობლიგაციების შესანახად მესამე მხარის ბანკების სერვისებს იყენებდა, თუმცა მას ეს აღარ მოუწევს. უნდა აღინიშნოს, რომ მიღებული სტატუსი კომპანიას კომერციული ბანკის ფუნქციებს არ ანიჭებს, რაც დეპოზიტების მიღებასა და სესხების გაცემას გამორიცხავს.
ცნობისთვის, USDC ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სტეიბლკოინია, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული აშშ-ის ბაზარზეა.




























