აშშ-ის მთავრობამ ენერგეტიკულ კომპანიებს სტრატეგიული რეზერვიდან 40 მილიონამდე ბარელი ნავთობის ფიუჩერსული კონტრაქტები შესთავაზა. ეს ტრანში ირანთან დაწყებული ომის შემდეგ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს პარტნიორებთან დადებული გლობალური შეთანხმების ნაწილია. მარტში ვაშინგტონმა საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სულ 172 მილიონი ბარელი ნავთობის გაცემის ვალდებულება აიღო.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალური ვაშინგტონი დარჩენილი 40 მილიონი ბარელის გაცემას ივნისშიც ცდილობდა, თუმცა იმ პერიოდში კომპანიების მხრიდან მოთხოვნამ მხოლოდ 500 ათასი ბარელი შეადგინა. ახალი პირობების თანახმად, ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე სუბიექტებს განაცხადების წარდგენა 6 ოქტომბრამდე შეუძლიათ.
ცნობისთვის, ამერიკული კანონმდებლობით, თუ სტრატეგიული რეზერვი 252 მილიონ ბარელზე დაბლა ჩამოვა, პრეზიდენტს მცირე მოცულობის გეგმური გაცემის უფლება ეზღუდება, თუმცა საგანგებო უფლებამოსილება ძალაში რჩება.
ამჟამად აშშ-ის სტრატეგიული რეზერვი 284 მილიონ ბარელზე ნაკლებს შეადგენს, რაც 1982 წლის შემდეგ დაფიქსირებული მინიმალური მაჩვენებელია.
სტრატეგიული რეზერვის შემცირება და წლის განმავლობაში ნავთობის 60%-ით გაძვირება პირდაპირ კავშირშია პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანის წინააღმდეგ კონფლიქტის წამოწყებასთან, რომელმაც ჰორმუზის სრუტის პარალიზება და გლობალური ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია.
























