აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შტატებსა და ინდოეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მხარეები დოკუმენტს ხელს მალე მოაწერენ.
“ეს იქნება უბრალოდ, სამართლიანი სავაჭრო შეთანხმება”,- უთხრა ტრამპმა მედიის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია, რომ აქამდე შტატების ლიდერი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებდა და სავაჭრო მოლაპარაკებების გაჭიანურებაზე მიუთითებდა.
ინდოეთთან სავაჭრო შეთანხმების დადების მოახლოება მედიას ტრამპმა ორშაბათს ამცნო და განაცხადა, რომ ახალი გარიგება როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მას შეთანხმების დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა მიანიშნა, რომ ინდოეთში ამერიკული ენერგორესურსების ექსპორტი გაიზრდება, სანაცვლოდ კი შტატებში დიდი მოცულობის ინვესტიციები შევა.
შეგახსენებთ, აპრილში, დონალდ ტრამპის მიერ “სატარიფო ომის” გამოცხადების შემდეგ ინდოეთსა და ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები სერიოზულად დაიძაბა. ერთმანეთისთვის მძიმე ტარიფების დაწესების ფონზე, ტრამპმა ინდოეთს იმპორტის გადასახადი დამატებით 50%-ითაც გაუზარდა და მიზეზად ინდოეთის მიერ რუსული ენერგორესურსების შესყიდვა დაასახელა.




























