ამერიკის შეერთებულ შტატებში წლიური ინფლაციის დონე 3.7%-იან ნიშნულზე რჩება. სექტემბრის განმავლობაში სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ფაქტობრივად არ შეცვლილა, რაც ანალიტიკოსების პროგნოზთან შედარებით უარესი შედეგია, რადგან ისინი ინფლაციის 3.6%-მდე შემცირებას ელოდნენ.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას (CPI), რომელიც სურსათისა და ენერგორესურსების ხარჯებს არ ითვალისწინებს, აღნიშნული მაჩვენებელი წლიურ ჭრილში 4.1%-მდეა შემცირებული, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა თვესთან შედარებით და იმაზე მიუთითებს, რომ სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი ეკონომიკის ძირითად სექტორებში ნელდება.