მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამერიკაში ქვევრის ღვინის პოპულარიზაციას აქტიურად ვიწყებთ" - მეღვინეობა „შათირი“

63ea3ab2def5b
სალომე ხიდურელი
14.02.23 00:45
1061
ლაგოდეხში არსებულ მარანში დაწურული ქართული ღვინო უახლოეს მომავალში ამერიკის ბაზარზეც გამოჩნდება. ამის შესახებ BM.GE-ს მეღვინეობა „შათირის“ დამფუძნებელმა ვახო შათირიშვილმა განუცხადა.

„უკვე აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენი წარმოების ქვევრის ღვინო ამერიკაში გამოვიტანოთ. ექსპორტიორთან, რომელიც ღვინოს ამერიკაში შემოიტანს, მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ასევე მყავს ამერიკელი პარტნიორი, ვისთან ერთადაც მაქსიმალურად ვცდილობ ამ ბაზრის ათვისებას. ზაფხულის დასაწყისში ჩვენი ღვინოები უკვე ამერიკაში იქნება. ღვინის საექსპორტო ფასი $7-დან $12-ის ფარგლებშია. წარმოების მცირე ნაწილი უკვე გაგვაქვს ლიეტუვასა და გერმანიაში“, - აცხადებს ვახო შათირიშვილი.

„შათირის“ დამფუძნებელი ქართული ღვინის უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციის პრობლემებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამერიკულ ბაზარზე ფეხის მოკიდება საკმაოდ შრომატევადი საქმიანობაა.

„ამერიკაში მხოლოდ ღვინის შემოტანა არ არის საკმარისი. იქაური მომხმარებელი ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობს და მათთან პირდაპირი კომუნიკაციისა და დეგუსტაციის გარეშე, მისი რეალიზება გაგვიჭირდება. ამიტომ მაქსიმალურად ვეცდები, გამოვიყენო ყველა ჩემი რესურსი, რომ ამერიკული ღვინის ფესტივალებზე წარვადგინო ჩვენი წარმოების ღვინო და ჩვენი ცნობადობა გავზარდო. ასევე, საქართველოშიც არ არსებობს საერთაშორისო B2B ფესტივალი, სადაც ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და სომელიეები მთელი მსოფლიოდან იქნებიან მოწვეულები. კარგი იქნება, თუ ღვინის სააგენტო იზრუნებს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებაზე და მწარმოებლების შემსყიდველებთან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს“, -აღნიშნავს ვახო შათირიშვილი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, „შათირის“ დამფუძნებელი განმარტავს, რომ წარმოების 80% საქართველოში რეალიზდება.

„6000-მდე ბოთლს ვაწარმოებთ. ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით 80%-ს, ძირითადად თბილისსა და ბათუმში. ასევე მცირე რაოდენობით ღვინო იყიდება ჩვენს მარანშივე, ტურისტებისთვის. ერთი ბოთლის ფასი 40-დან 50-ლარამდეა. ჩვენი ასორტიმენტის 95% ქვევრის ღვინოზე მოდის. ვენახები ლაგოდეხში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში გვაქვს გაშენებული, საიდანაც სხვადასხვა ჯიშის ყურძენს ვიღებთ. ვცდილობთ, აქცენტი ყურძნის ძველი ჯიშებზე გავაკეთოთ. უახლოეს მომავალში წარმადობის მხოლოდ მცირედით გაზრდას ვგეგმავთ, მაქსიმუმ 12 000 ბოთლამდე, რადგან ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხი შევინარჩუნოთ,“ - აღნიშნავს მეღვინე.

ცნობისთვის, კომპანია „შათირი“ 2018 წელს 5000-ლარიანი ინვესტიციით შეიქმნა. კახეთში გაშენებული ვენახებიდან ისინი ჯღიას, საფერავს, გრძელმტევანას, ქისს, რქაწითელსა და სხვა ჯიშის ყურძნისგან 6 სახეობის ღვინოს აწარმოებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები