მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ-ში ქართულ ღვინოს გაყიდვების 0,04%-იანი წილი უჭირავს“ – Alazani Estate Winery

64c38dbfd6967
სალომე ხიდურელი
31.07.23 10:00
257
აშშ-ში ქართველი პარტნიორების მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ჰერეთი გლობალმა“, რომელმაც საქართველოდან ღვინის ექსპორტი 2020 წელს დაიწყო, მიმდინარე წელს სარეალიზაციო ობიექტების რაოდენობა გააორმაგა. ამის შესახებ კომპანიის თანადამფუძნებელმა, ავთანდილ ჩხეიძემ, BM.GE-ს განუცხადა.

„ორ შტატში, ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსიში, 120-ზე მეტ ლოკაციაზე შეგვაქვს ღვინო გასაყიდად. შარშან, ანალოგიურ პერიოდში, ეს მაჩვენებელი 65 იყო. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ ღვინის ფლორიდის შტატში შეტანაზეც, გავდივართ ბიუროკრატიულ ნაწილს, რაც ცოტა დროში გაწელილი პროცესია.

აშშ-ში წლის განმავლობაში, დაახლოებით, 20 ათასი ბოთლი ღვინო იყიდება. რაც შეეხება ასორტიმენტს, ოთხი სახეობის - საფერავი, ქინძმარაული, წინანდალი და მწვანე - ღვინიდან, ამერიკელებს ყველაზე მეტად საფერავი მოსწონთ“, - ამბობს ჩხეიძე.

„ჰერეთი გლობალის“ თანადამფუძნებლის თქმით, ამერიკის ბაზარზე ღვინის რეალიზაციისთვის მთავარი პრობლემა ქართულ სასმელზე დაბალი ცნობიერებაა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ ხალხი არ იცნობს ქართულ ღვინოს. თითოეულ ლოკაციაზე ძალიან დიდი ენერგიის ჩადება გვიწევს, რომ ინდივიდუალურად, თითოეულ მყიდველს გავაცნოთ ჩვენი ღვინო. ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან არავითარი დახმარება არ გვაქვს. მუდმივი რეკლამა სჭირდება ამერიკაში ქართულ ღვინოს და ეს არ კეთდება. არადა, ამერიკაში რა ღვინოც იყიდება, იმის 1%-შიც არ ვართ, გაყიდვების 0,04%-იანი წილი გვიჭირავს და, ამ ტემპით თუ გავაგრძელეთ, ალბათ 500 წელი დაგვჭირდება, რომ 1%-იან შედეგს მივაღწიოთ“, - ამბობს ჩხეიძე.

მისი თქმით, მიუხედავად გამოწვევებისა, ქართული კომპანიებისათვის ღვინის ამერიკაში ექსპორტი მიღწევადი მიზანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბიუროკრატიული ბარიერების გადასალახად ადგილობრივ საკონსულტაციო კომპანიებთან ითანამშრომლებენ: „ეს პროცესი მხოლოდ ქართული ღვინისთვის არ არის რთული, იგივე პროცესებს გადის სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, ჩილედან შემოსული ღვინოც“.

რაც შეეხება Alazani Estate Winery-ს ღვინის საფასო პოლიტიკას, ხარჯების სიდიდიდან გამომდინარე, კომპანია ცდილობს, საშუალო სეგმენტის კატეგორიას მიეკუთვნებოდეს და ერთი ბოთლის ღირებულა $10-დან $20-მდე მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები