2024 წელს, ქართული ღვინის უცხოეთში პოპულარიზება სახელმწიფოს ₾16 მლნ დაუჯდა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო იტყობინება. პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიზანი ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია და საექსპორტო პოტენციალის ზრდის ხელშეწყობაა.
სააგენტოს ცნობით, გასულ წელს, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 24 საერთაშორისო გამოფენაზე, 13 ფესტივალზე და 100-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, სადაც ჯამურად ქართული ღვინის 200-მდე კომპანია მონაწილეობდა. ქართული ღვინის წარდგენები გაიმართა მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, პორტუგალია, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი და ლატვია.
"ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებად რჩება აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ჩინეთი, სამხრეთ კორეა და იაპონია, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიები ახორციელებენ", - აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
სააგენტოს ცნობითვე, 2024 წელს, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, კერძოდ, ქართული ღვინო საქართველოში, წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა/ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, უცხოელი ღვინის პროფესიონალების მონაწილეობით გაიმართა 16 ღვინის ტური, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმი.
აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ოპერატიული მონაცემებით, გასულ წელს, ქართული ღვინის ექსპორტი, 2023 წელთან შედარებით, 6%-ით გაიზარდა და 95 მლნ ლიტრს მიაღწია.