მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამსტერდამში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა - რა მოცულობის ღვინოს ვყიდით ნიდერლანდებში?

ნიდერლანდები

ამსტერდამში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია – "Grand Georgian Wine Tasting" - ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის, "Wijnimport Bleeker"-ის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 18 მარნისა და კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.

დეგუსტაციის ათასობით სტუმარს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა და დაეგემოვნებინა როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული ქვევრის მეთოდით დაყენებული სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები.

ამსტერდამში გამართულ ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძეც დაესწრო.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში (9 თვეში) საქართველომ ნიდერლანდებში 323.2 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 55 202 ლიტრი ღვინო გაიტანა.

რაც შეეხება წინა წლების დინამიკას, ნიდერლანდებში ქართული ღვინის ექსპორტი ასე გამოიყურება:

  • 2025 წელი: $667.2 ათასი (97 200 ლიტრი);
  • 2024 წელი: $433.0 ათასი (67 388 ლიტრი);
  • 2023 წელი: $425.1 ათასი (60 629 ლიტრი);
  • 2022 წელი: $457.5 ათასი (72 094 ლიტრი);
  • 2021 წელი: $752.6 ათასი (64 931 ლიტრი);
  • 2020 წელი: $438.3 ათასი (62 795 ლიტრი).

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა და ბაზრების დივერსიფიკაცია უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2013 წლიდან აქტიური მარკეტინგული კამპანიები მიმდინარეობს ევროპის, ამერიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მიმართულებით. სააგენტოს მხარდაჭერით, 2026 წლის სამ კვარტალში ქართული ღვინო მსოფლიოს 20 ქვეყანაში გამართულ 24 გამოფენა-ფესტივალსა და 146 დეგუსტაცია-სემინარზე იყო წარდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები