ამერიკის შეერთებული შტატების ზარაფხანამ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გამოსახულებით $1-იანი ნომინალის საკოლექციო-საბრუნავი მონეტა ოფიციალურად გამოუშვა.
უწყების ცნობით, მონეტების შეძენა ონლაინ-კატალოგის მეშვეობით, სპეციალური შეფუთვებით გახდა შესაძლებელი. აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის ნუმიზმატიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც მოქმედი პრეზიდენტის პორტრეტი მიმოქცევაში არსებულ ამერიკულ მონეტაზე განთავსდა.
როგორც ირკვევა, ახალი მონეტა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური პროგრამის ნაწილია. მონეტის ავერსზე განთავსებულია დონალდ ტრამპის პორტრეტი, წარწერები LIBERTY, IN GOD WE TRUST და საიუბილეო თარიღი „1776 ~ 2026“.
რევერსზე გამოსახულია პრეზიდენტის ოფიციალური ბეჭედი არწივის გამოსახულებითა და ფარით, რომელზედაც იუბილეს აღმნიშვნელი ციფრი „250“ არის დატანილი.
ცნობისთვის, აშშ-ის კანონმდებლობა ცოცხალი პირების მონეტებზე გამოსახვას ტრადიციულად ზღუდავდა, თუმცა კონგრესის მიერ ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლისთავთან დაკავშირებით მიღებულმა სპეციალურმა აქტმა ზარაფხანას საიუბილეო სერიის ფარგლებში გამონაკლისის დაშვების უფლება მისცა.




























