მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობისთვის და აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება - აშშ-ის ელჩი

რობინ დანიგანი პარლამენტში
03.07.24 21:05
735

აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველო-აშშ-ის მისწრაფებებსა და მიზნებზე ისაუბრა. მისი განაცხადებით, ქართველ ხალხსაც დამოუკიდებლობისთვის და საერთო ოცნებისკენ სწრაფვის ხანგრძლივი ისტორია აქვს.

"ამერიკული ოცნების არსი არის რწმენა იმისა, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თუ იცხოვრებ და იშრომებ, ძალისხმევას არ დაიშურებ, შეძლებ შენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის უკეთესი ცხოვრების შექმნას. ეს რწმენა და ოპტიმიზმი არის ამერიკული სულისკვეთების არსი. მე მჯერა, რომ ეს არის ქართული სულისკვეთების არსიც. ხშირად მაოცებს ქართველებისა და ამერიკელების მსგავსება, როდესაც საქმე ეხება ოპტიმიზმს ჩვენი მომავლისა და ჩვენი შვილების მომავლის მიმართ. რწმენა, რომ ჩვენ შეგვიძლია და გავაგრძელებთ ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებას და ჩვენი ქვეყნების გაძლიერებას. მაგრამ ამისთვის აუცილებელია ძალისხმევის გაგრძელება. 248 წლის განმავლობაში ამერიკელები იბრძოდნენ ბრძოლის ველზე, იბრძოდნენ პოლიტიკური ძალაუფლების დარბაზებში და იბრძოდნენ სასამართლო დარბაზებში ჩვენი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად და ჩვენი ქვეყნის დანაპირების შესასრულებლად. ამერიკელები აწყობდნენ მსვლელობებს ქუჩებში, ხიდებზე; აწყობდნენ საპროტესტო აქციებს ყველა შესაძლო ადგილას, კაფეტერიასა თუ ავტობუსში. ყველა მათგანი ერთი მიზნის მიღწევას ესწრაფოდა – გამხდარიყო ამერიკის შეერთებული შტატები უფრო სრულყოფილი კავშირი. ეს გზა არასოდეს ყოფილა მარტივი, ხოლო გამოწვევები, ზოგჯერ, დაუძლეველი ჩანდა. მაგრამ, ჩვენ არასდროს დავნებებულვართ და ყოველ ჯერზე ამ სირთულეების გადალახვით უკეთესი ვხდებოდით.

ოცნების, რომ ერთ დღეს მათი შვილები უფრო სრულყოფილ სამყაროში იცხოვრებენ. 106 წლის წინ ქართველი ხალხი გაერთიანდა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად. იმ დანაპირებით, რომ საქართველოს ექნებოდა სუვერენული ძალაუფლება და უზრუნველყოფდა თავისი მოქალაქეების სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაგრამ საქართველოს გზა, ისევე როგორც ამერიკის გზა, ადვილი არ ყოფილა. ამერიკელების მსგავსად, ქართველებსაც მუდმივი ძალისხმევის გაღება უწევდათ დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.

ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ ქართველებს, ვინც 1978 წელს ქართული ენა და ეროვნული იდენტობა დაკარგვას გადაარჩინა, ჩვენ დიდად ვაფასებთ ათასობით ქართველს, ვინც 1989 წლის აპრილში უშიშრად შეიკრიბა და მშვიდობიანი დემონსტრაციით, ხელიხელჩაკიდებულმა, საბჭოთა ტანკებისა და იარაღის პირისპირ მდგომმა, მოითხოვა დამოუკიდებლობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველ ხალხს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც 2008 წელს სიმამაცით იბრძოდნენ საქართველოს სუვერენიტეტის დასაცავად რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ. დღეს, მსოფლიოს მრავალ ადგილას ვხედავთ ადამიანებს, ვისაც დემოკრატია აშინებს – ვხედავთ მათ, ვინც ნერგავს შიშს, პროგრესის შთაგონების ნაცვლად და მათ, ვინც მშვიდობიან თანაცხოვრებას ძალის გამოყენებას ამჯობინებს. მაგრამ მე მჯერა, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს. და რომ, როგორც დემოკრატიებს, შეგვიძლია, მივაღწიოთ წარმატებას და შევქმნათ უკეთესი ქვეყანა მომავალი თაობებისთვის", - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები