საქართველოში ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტის ჩინურ ინვესტორთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას "მკაცრად გმობს" და აბსურდულს უწოდებს.
საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა ინტერვიუში კრიტიკული შეფასება გააკეთა ჩინური კომპანიის მიმართ, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტში საქართველოს მთავრობის მიერ ინვესტორად არის დასახელებული.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებული საპასუხო განცხადების მიხედვით, დანიგანის კომენტარი, რომ "CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ჩინეთის კომუნისტური პარტია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ბანკირი და დამფინანსებელია" შეუსაბამოა ფაქტებთან.
„ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ ზემოაღნიშნული განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთანხმებულ სან-ფრანცისკოს ხედვას.
ჩინური მხარე ასევე წუხს, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას არ გამოიჩინა პროფესიონალიზმი“, - აცხადებს ჩინეთის საელჩოს სპიკერი.
29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] ჰოლდინგმა წარადგინა. ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავიდავითაშვილი ამბობდა, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად იყო შევსებული, რამდენიმე დღეში სწორედ ეს კონსორციუმი გამოცხადდებოდა გამარჯვებულად. გუშინ კი თქვა, რომ ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას რამდენიმე კვირა კიდევ დასჭირდება.
China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის თავდაცვის ძალების სასარგებლოდ ხელოვნური კუნძულების მშენებლობის პროცესში ჩართულობის გამო, შეზღუდულ პირთა ნუსხაში შეიყვანა. როგორც ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, ეს არ წარმოადგენს შეზღუდვას კომპანიისთვის საქართველოში განახორციელოს ინვესტიციები. ამასთან, ჩინური კონსორციუმი სხვადასხვა დროს WB-ის, ADB-ისა და აფრიკის განვითარების ბანკის შავ სიებში მოხვდა.