მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ანაკლიის პორტის ინვესტორი ჩინური კონსორციუმი და მისი შვილობილები აშშ-ის შეზღუდვების ქვეშ არიან

cccc

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოვლინდება - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის განმარტებით, საერთაშორისო კონკურსის მეორე რაუნდში გადასული ორი ჰოლდინგიდან საბოლოოდ წინადადება მხოლოდ ერთმა ჩინურმა კონსორციუმმა წარადგინა, შესაბამისად, უახლოეს პერიოდში გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება.

ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია China Communications Construction Company Limited-ისა და China Harbour Investment Pte-ს ჰოლდინგი ააშენებს. ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ამ ჰოლდინგმა სახელმწიფოს სრულყოფილად შევსებული საინვესტიციო წინადადება 20 მაისს წარუდგინა, ხოლო კონკურსში მონაწილე მეორე ჯგუფმა ლუქსემბურგულ-შვეიცარიულმა Terminal Investment Limited Holding S.A.-მ სახელმწიფოს აღარ წარუდგინა საკუთარი საინვესტიციო წინადადება, შესაბამისად, გამარჯვებულად ჩინური ჰოლდინგი დასახელდება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს, შესაბამისად, გამარჯვებულად სწორედ ის გამოვლინდება. ამასთან, მინისტრის თქმით, ჩინურმა კონსორციუმმა სამინისტროს მისი მომავალი პარტნიორების შესახებაც წარუდგინა ინფორმაცია. China Communications Construction Company Limited-ი საქართველოს მთავრობას პორტის ოპერატორად ჩინდაოს პორტის ჯგუფს - Qingdao Port International Co-ს სთავაზობს, ხოლო საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორად China Road and Bridge Corporation-ს.

რა არის ცნობილი კომპანია China Communication Construction Company Limited-ის შესახებ:

China Communication Construction Company Limited არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატი, რომელიც ფოკუსირდება მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე, მათ შორის აეროპორტების, პორტების, რკინიგზების, ნავთობპლატფორმების და სხვა აქტივების ფლობა/ოპერირებაზე. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული, მისი 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს.

China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და მან 756 მილიარდ იუანს, ანუ $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 31 მილიარდი იუანი ($4.3 მილიარდი დოლარი) იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა. ჯგუფის აქტივები 236 მილიარდ დოლარს აღემატება.

ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ის შემადგენლობაში შედის სინგაპურში რეგისტრირებული კომპანია China Harbour Investment Pte, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, პროექტის ერთ-ერთი განმახორციელებელი იქნება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ დასახელებული კიდევ ერთი კომპანია China Road and Bridge Corporation-ი, პროექტის საინჟინრო/სამშენებლო პარტნიორი იქნება. თავად აღნიშნული კომპანიაც China Communication Construction Company Limited-ის საკუთრებაშია. ამასთანავე, აღნიშნული კომპანია საქართველოში არაერთი წელია საქმიანობს და ის წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრაქტორს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობაში, ის რიკოთის უბისა-შორაპნის 13-კილომეტრიან მონაკვეთს აშენებს, რომლის ღირებულებაც 902 მილიონი ლარია.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ China Communication Construction Company Limited-ი და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია ჩართული იყო სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის არმიისთვის ხელოვნური კუნძულების მშენებლობაში, რაც აშშ-ის შეფასებით საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სხვა სუვერენული ქვეყნების ეკონომიკურ ზონაში ჩინეთის ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო გავლენის გაძლიერების მცდელობას წარმოადგენდა. აღნიშნულისთვის 2020 წლის 26 აგვისტოს, აშშ-მა China Communication Construction Company Limited-ის შვილობილები შეზღუდულ პირთა სიაში (OFAC-ის Non-SDN სიაში) შეიყვანა, რითიც აშშ-ში რეგისტრირებულ პირებს მათთან ოპერაციების განხორციელება აუკრძალა.

BMG-იმ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა კითხვით თუ შეაფასა ეკონომიკის სამინისტრომ ის გარეომება, რომ ამ ჩინური კომპანიის რამდენიმე შვილობილი არის აშშ-ის მიერ სანქცირებული და რაიმე სახით მოახდენს თუ არა ეს პორტის პროექტზე გავლენას. ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, კომპანია სანქცირებული არაა.

"სიცხადისთვის აღვნიშნავთ, რომ 2020 წელს აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა CCCC და მისი რამდენიმე შვილობილი კომპანია შეიყვანა ე.წ “Entity List”ში. ექსპორტის ადმინისტრაციის რეგულაციების შესაბამისად, ამერიკული კომპანიები ამავე დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროდან საჭიროებენ ლიცენზიას გარკვეული ტიპის ექსპორტზე, რეექსპორტზე, შიდა სახელმწიფოებრივი საქონლის, სოფტვეარის ან ტექნოლოგიების ტრანსფერებზე თუ მათ სურთ ტრანზაქციების განხორციელება ე.წ “Entity List”ში მითითებულ კომპანიებთან. შესაბამისად, ზემოხსენებული კომპანიების შესაბამის სიებში შეყვანა გულისხმობს მხოლოდ კონკრეტული ტრანზაქციების განხორციელების შეზღუდვებს და არა მათ დასანქცირებას - შეზღუდვები არ წარმოადგენს კომპანიების აქტივების მაბლოკირებელ სანქციებს და არ ზღუდავს არანაირ ფინანსურ ტრანზაქციებს CCCC და მის კომპანიებთან, თუ აღნიშნული ტრანზაქცია არ მოიცავს ექსპორტს, რეექსპორტს და ზემოხსენებულ ტრანსფერებს. ასევე ის არ ზღუდავს სხვა პირებს, შეიძინონ რაიმე სახის მომსახურება ან საქონელი CCCC-დან და მისი შვილობილი კომპანიებისგან,"- გვიპასუხეს სამინისტროდან წერილობით.

იქიდან გამომდინარე, რომ ჰოლდინგის ერთ-ერთი შემადგენელი კომპანია China Road and Bridge Corporation მიმდინარე რეჟიმში ჩართულია საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის უბისა-შორაპანის 902-მილიონიანი გზის მშენებლობაში, ხოლო აღნიშნული პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) დაფინანსებით ხორციელდება, შესაბამისად იმ პირობებში თუკი კომპანიის წინააღმდეგ იმოქმედებდა შეზღუდვების მკაცრი რეჟიმი, ეს მის შვილობილ China Road and Bridge Corporation-ს ოპერაციების განხორციელებას შეუზღუდავდა, თუმცა კომპანიის წინააღმდეგ მსგავსი სანქციები არაა ძალაში და საქართველოში ოპერაციებზე შეზღუდვა არ აქვს დაწესებული.

რა საპორტო პროექტები აქვს განხორციელებული China Communication Construction Company Limited-ს

კომპანიის ვებგვერდის თანახმად, CCCC ჩართულია შემდეგი პორტების პროექტების განხორციელება/მშენებლობაში:

  • ჰამბანტოტას პორტი - შრი-ლანკა;
  • გვადარის პორტი - პაკისტანი;
  • აშდოთის პორტი - ისრაელი;
  • კრიბის პორტი - კამერუნი;
  • ადიჯანის პორტი - კოტ'დიუვარში
  • გუანჯოუს პორტი - ჩინეთი;
  • ტიანჯინი - ჩინეთი;
  • შანგჰაის იანგშანის პორტი - ჩინეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები