მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი წლიური ინფლაციის შემცირების ორ მიზეზს ასახელებს

64a2b2e2bc221
ვიქტორია მღებრიშვილი
03.07.23 15:21
639
ივნისში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა - საქსტატის თანახმად, ქვეყანაში ინფლაციის ასეთი დაბალი დონე 2016 წლის ნოემბრის შემდგომ არ ყოფილა. ინფლაციის კლება მთელ რიგ სამომხმარებლო ჯგუფებში ფასების შემცირებამ განაპირობა, ხოლო სურსათის ჯგუფში ფასები გასული წლის ანალოგიურია და ამ მხრივ ზრდა 0%-ია.

მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა ინფლაციის შემცირების ფაქტორები დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ეს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია - მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები და კონკურენციის ნაწილში მიღებული გადაწყვეტილებები.

„საქართველოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი 0.9 პპ-ით შემცირდა და ინფლაციის დონემ 0.6% შეადგინა. ინფლაციის დონე უკვე ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ მაჩვენებელს. იცით, რომ ინფლაცია 3%-ზე გვქონდა დაგეგმილი, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.7%-ით შემცირდა. საქართველოში 2022 წლის მაისის შემდეგ ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. ეს დაკავშირებულია სწორ მონეტარულ პოლიტიკასთან და იმ ნაბიჯებთან, რომელიც მთავრობამ გადადგა, და რომელიც უკავშირდებოდა 2 რამეს: ერთი მთავრობის მიერ წარმოებული მაკროეკონომიკური პოლიტიკაა და მეორე - კონკურენციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ბაზარზე კონკურენციის უზრუნველყოფას ითვალისწინებდა. ეს აისახა ფასებზე“, - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ფასები საერთაშორისო ბაზრებზეც ნავთობსა და სურსათზეა შემცირებული, თუმცა სხვა ქვეყნებში ინფლაციის შემცირება უფრო ნაკლებია, ვიდრე საქართველოში.

„რა თქმა უნდა, მსოფლიოში საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის ფასებიც შემცირდა. ზოგადად საერთაშორისო ტენდენციაც მსგავსია, იგივე ევროზონაში ინფლაცია 5.5%-ია, თუმცა უფრო ნაკლებად ხდება სხვა ქვეყნებში ინფლაციის შემცირება. ვხედავთ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაცია კვლავ ორნიშნაა და გამოწვევად რჩება. მაგალითად, თურქეთში ინფლაცია მაისში 40%-მდე იყო, რუსეთში 2.5%-ზე დავიდა, აზერბაიჯანში - 11.5%, მოლდოვაში 16%-ზე მეტი, ესტონეთში 11.3%, ლიეტუვაში ასევე 12%-მდე და ა.შ.“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები