ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული პროგნოზები, რომ წლის ბოლოსკენ ინფლაცია შეიძლებოდა გაზრდილიყო, ინფლაცია სამიზნეზე ქვემოთ დონეს ინარჩუნებს.
საქმე ის არის, რომ 2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
„შესაბამისად, ეს გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო თამამი მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებები მივიღოთ და ეკონომიკურ ზრდას მეტად შევუწყოთ ხელი. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ფაქტორი, რომელსაც ითვალისწინებენ მაკროეკონომიკური გადაწყვეტილებების კუთხით, არის ინფლაციის გათვალისწინება. შესაბამისად, ეს სივრცეს აძლევს მთავრობას, ეროვნულ ბანკს, რომ მონეტარული პოლიტიკა გარკვეულწილად შემსუბუქდეს.
ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენებს. ასეთ ფონზე ჩვენ გვექნება საშუალება, რომ თამამი გადაწყვეტილებები მივიღოთ, მეტად შევუწყოთ ხელი კერძო სექტორის აქტივობას, დაკრედიტებას დაფინანსებას და ამით შევუწყოთ ხელი ეკონომიკურ ზრდას. ეკონომიკური ზრდა პირდაპირ ითარგმნება დასაქმებაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.