მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები

64a13779c7ff4
შოთა ტყეშელაშვილი
02.07.23 12:35
1633
გთავაზობთ გასული კვირის - 26 ივნისი - 2 ივლისი, მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს

1) საქართველოში EU-ს; აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სანქციების სპეციალური წარმომადგენლები იმყოფებოდნენ

გასული კვირა საქართველოში მაღალი დონის დელეგაციის ვიზიტით დაიწყო - ქვეყანაში აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების საკითხებში სპეციალური წარმომადგენლების, ჯეიმს ო’ბრაიანის, დევიდ ო’სალივანისა და კუმარ აიერის ვიზიტი შედგა. ისინი პრემიერ-მინისტრს, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ეროვნული ბანკის დროებით მმართველს, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სანქციების რეჟიმის პირნათლად შესრულებისთვის ძირითადად სამადლობელი სიტყვები მიიღო.

2) ჩვენ არ გვსურს საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის სრული შეჩერება - ჯეიმს ო’ბრაიანი

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების აღსრულების მიმართულებით დანიშნული სპეციალური წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე საქართველოში ვიზიტი შეაჯამა. ო’ბრაიენის განმარტებით, აშშ-ს არ სურს საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების სრული შეჩერება იხილოს, არამედ მათ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს ის, რომ რუსეთში საქართველოს გავლით სანქცირებული ელექტრონული ხელსაწყოები - მიკროჩიპები და სხვა დანადგარები არ მოხვდეს.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ გვსურს საქართველოსა და რუსეთს შორის მთელი ვაჭრობის და მთელი ბიზნესის შეჩერება. ჩვენ არ ვასანქცირებთ რუსულ საკვების თუ სასუქებისა და ძირითად ნედლეულს. მაგრამ, ამ ვაჭრობის პარალელურად, ჩვენ გვსურს, რომ ჩვენ პარტნიორებთან ერთად ფოკუსირებული ვიყოთ იმ საკითხებზე, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გავლენა აქვს ბრძოლის ველზე,”- განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიანმა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

3) ზომები, რომლებიც საქართველოშია დანერგილი არის მყარი გარანტია, რომ სანქციების გვერდის ავლა არ მოხდება - ო’სალივანი

"ზომები, რომლებიც საქართველოშია დანერგილი, წარმოადგენს საკმაოდ მყარ გარანტიას, რომ სანქციების გვერდის ავლა არ განხორციელდება,”- განაცხადა სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა დევიდ ო’სალივანმა.

ო’სალივანის თქმით, საქართველოში მისი ვიზიტი ძირითადად ფოკუსირებული იყო საექსპორტო შეზღუდვებზე, რაც რუსეთისთვის 38 დასახელების კრიტიკული ელექტრო-კომპონენტების (მიკროჩიპები, პროცესორები) მიწოდების შეზღუდვას შეეხებოდა.

ამასთან, ო’სალივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ევროკომისიის გზავნილი, რომ EU იმედგაცრუებულია იმ ფაქტით, რომ საქართველო არ შეუერთდა ევროკავშირს სანქციებში (ფრენების შეზღუდვა და სხვა ზომები, რაც EU-მ დააწესა), თუმცა უკვე მოქმედი სავაჭრო სანქციების აღსრულების მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

4) მაისში საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5 პროცენტით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციის, მაისში კერძო სექტორის ბრუნვამ, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 11.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 5.2%-ით არის გაზრდილი.

"2023 წლის მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავი ქონების სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

5) საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ თანამდებობა დატოვა

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. დანელიას განმარტებით, მან სააგენტოში საკუთარი მისია უკვე შეასრულა და ახლა საქმიანობას საბანკო სფეროში განაგრძობს.

გიორგი დანელია საპენსიო სააგენტოს 2020 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.

6) ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება გადავადდა

საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის გახსნის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ, ამჯერად 1 წლით გადავადდა. რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ერთი წლით - ჟურნალისტების ამ კითხვას ლევან დავითაშვილმა უპასუხა, თუმცა კონკრეტული მიზეზი, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, არ დაუკონკრეტებია. მისი თქმით, ამგვარად, რეგიონსა და ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რისკები, რომელიც ენერგობაზრის გახსნას უკავშირდებოდა, თავიდან იქნა აცილებული.

„ჩვენ [ენერგო ბირჟა] რამდენიმეჯერ გადავავადეთ და ეს სხვადასხვა მიზეზების გამო მოხდა. ამ შემთხვევაში ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ იმ ვითარებას, რომელიც არამხოლოდ ქვეყანაში, არამედ რეგიონშია შექმნილი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ. გვექნება ამაზე კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

7) გარდაბანში მინიმუმ, 350-მეგავატიანი თბოსადგურის ასაშენებლად კონკურსი გამოცხადდა

მთავრობა ეძებს ინვესტორს, რომელიც გარდაბანში 350-430 მეგავატის სიმძლავრის თბოსადგურს ააშენებს. სახელმწიფოს კუთვნილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ (GOGC) შესაბამისი ტენდერი დღეს გამოაცხადა. ტენდერის შედეგად გამარჯვებულად შეირჩევა კომპანია, რომელიც სახელმწიფოსგან გამოისყიდის კომპანია “გარდაბანი 3”-ის აქტივებს და მის ბაზაზე ახალ თბოსადგურს ააშენებს.

გარდაბნის თბოსადგური 3-ის ასაშენებლად ტენდერი პირველად 2020 წელს გამოცხადდა. მაშინ 272-მეგავატიანი სადგურის მშენებლობისთვის საუკეთესო პრეტედენტად თურქული “ჩალიკ ენერჯი” დასახელდა, რომელიც პროექტს $174.8 მილიონ დოლარად ააშენებდა. თუმცა, 2021 წლის გაზაფხულზე, კორპორაციამ განაცხადა, რომ “ჩალიკ ენერჯისთან" კონტრაქტი აღარ გაფორმდებოდა. პროექტის განვითარება 2023 წლამდე შეჩერებული იყო, ახლა კი გაირკვა, რომ 272-დან 350-მდე გაიზარდა პროექტის საპროექტო სიმძლავრე, ამასთანავე შეიცვალა მისი დაფინანსების სტრუქტურაც, თუკი აქამდე მასში თანხა GOGC-ის უნდა ჩაედო, ახლა პროექტის განვითარება კერძო ინვესტორის ჯიბიდან უნდა მოხდეს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

8) რუსი ემიგრანტების სოციოლოგიური კვლევა, რას საქმიანობენ და რამდენი ხანი დარჩებიან საქართველოში

CRRC-საქართველომ საზოგადოებას საქართველოში მცხოვრები რუსი მიგრანტების შესახებ კვლევის შედეგები გააცნო. ჯამში 1008 მოქალაქე გამოიკითხა, საიდანაც 80% ეთნიკურად რუსი, 4% ქართველი იყო.

კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტი მიგრანტი მოსკოვიდან და სანქტ-პეტერბურგიდან ჩამოვიდა. რუსეთის დატოვების მთავარ მიზეზად, გამოკითხულთა 87% პოლიტიკურ სიტუაციას ასახელებს, უკრაინასთან კონფლიქტს კი 73%. 29%-ისთვის რუსეთის დატოვების მიზეზი სამხედრო მობილიზაცია იყო.

CRRC-ის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეების 93% უკან დაბრუნებას ახლო მომავალში არ აპირებს. 49% აცხადებს, რომ საქართველოში 1 წელზე მეტ ხანს დარჩება.

რაც შეეხება დასაქმებას, გამოკითხული მიგრანტების 40% ინფორმაციულ ტექნოლოგიებშია დასაქმებული, 4% მარკეტინგში, 4% განათლების სფეროში.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

9) საქართველოს რკინიგზა: 2022 წლის რეკორდული მოგება და ჩამოწოლილი მეწყერი, რის გამოც მოძრაობა შეჩერდა

საქართველოს რკინიგზამ 2022 წელი რეკორდული 396.7 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანიის საოპერაციო შემოსავლები 23%-ით გაიზარდა და 674.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გადაზიდვების რეკორდულმა ზრდამ და სამგზავრო გადაყვანების მნიშვნელოვანმა მატებამ განაპირობა. სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებულმა შემოსავალი კი 388.4 მილიონი ლარი იყო. უფრო ვრცლად წაიკითხეთ.

გასული კვირის ბოლოს მარესილთან ჩამოწოლილი მეწყერის გამო, საქართველოს რკინიგზამ აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის მატარებლების მოძრაობა სრულად შეაჩერა. უფრო ვრცლად იხილეთ ბმულზე.

10) უკრაინის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ქართულია ავიაკომპანია Georgian Airways-ისა და თამაზ გაიაშვილის დასანქცირებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი ოფიციალურად დაასანქცირა.

განკარგულებას ზელენსკიმ ხელი დღეს მოაწერა. განკარგულებაში აღნიშნულია, რომ სანქციის დაწესების მიზეზი რუსეთთან აღდგენილი პირდაპირი ფრენებია.

როგორც უცხოური მედია წერს, უკრაინამ სანქცია 192 პირსა და 291 კომპანიას 5 და 10 წლის ვადით დაუწესა. განკარგულებით ძალაში შევიდა უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მიერ შემუშავებული სანქციები, რომლებიც უკრაინაში ფულად გზავნილებს, გადარიცხვებსა და ქვეყნიდან თანხის გატანას კრძალავს.

უფრო ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები