მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს, სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს

კამარა  ჰესი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, CFD აუქციონები, რაც ენერგეტიკის ინვესტორების წახალისების მექანიზმს წარმოადგენს აღარ გამოცხადდება. მინისტრის თქმით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა საჯარო-კერძო პარტნიორობის კანონმდებლობაში, რათა პროექტების განხილვის პროცესი გამარტივდეს. ამასთანავე, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ შეიცვლება ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერის მოდელი და იმ პროექტებზე, რომლებსაც განხორციელების შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფო პირდაპირ გაუფორმებს ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებს.

შესაბამისად, ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც CFD აუქციონის შედეგად დადგინდა, რაც კილოვატ/საათ ელექტროენერგიაზე დაახლოებით 6.5 ცენტს შეადგენს.

“ეს იქნება CFD ტარიფებზე დაყრდნობით, CFD ტარიფები დგინდება კონკურენტულ პირობებში. იყო პარტნიორების მხრიდან კითხვები, რომ თქვენ როდესაც აძლევთ PPA ხელშეკრულებებს, საიდან დგინდება ფასი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ რომ კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბებულიყო და ზუსტად ამიტომ განხორციელდა აუქციონები და შეზღუდულ სიმძლავრეზე, პირობითად რამდენიმე ასეულ მეგავატზე განგვეხორციელებინა ეს პროექტი. თუმცა, ჩვენი ხედვა უფრო მეტად მხარდამჭერია კერძო სექტორის და არსებითად სხვა არის და კიდევ ველოდოთ და 200-300 მეგავატზე ვაცხადოთ აუქციონები, ამას ვერ დაველოდებით, კომპანიები რომლებიც არიან მზად რომ განახორციელონ პროექტები, მათ ეძლევათ საშუალება რომ აი ამ აუქციონების პირობებში ჩამოყალიბებული მედიანური ფასით თუ აწყობთ განახორციელონ პროექტები.

შესაბამისად, CFD აუქციონებს აღარ ჩავატარებთ, საუბარია იმაზე, რომ კერძო-საჯარო პარტნიორობის კანონმდებლობაშიც ენერგეტიკის მიმართულებებით გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ და სხვადასხვა ეტაპის განხილვები უფრო დაჩქარდეს. თქვენ იცით, რომ ოთხჯერ უნდა მოიწონოს პროექტი მთავრობამ და ოთხჯერ განიხილავს, შესაბამისად პროცესია, რომ იურიდიულადაც გავმართოთ კანონმდებლობა”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ გამოცხადდა მეორე CFD აუქციონის მედიანური ტარიფები. მისი სრული შედეგები შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.

როგორ დგინდება CFD ტარიფები

მაგალითად, თუკი CFD ტარიფი არის 7 ცენტი, ხოლო საბაზრო ტარიფი არის 5 ცენტი, ამ დროს სახელმწიფო ფასთა შორის 2-ცენტიან სხვაობას დააზღვევს და ჰესის ჰესის ოპერატორს შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდის. თუმცა, მაშინ როდესაც საბაზრო ტარიფი CFD აუქციონით განსაზღვრულ ტარიფზე მაღალია და პირობითად 9 ცენტს შეადგენს, მაშინ ჰესის ოპერატორმა სხვაობა პირიქით სახელმწიფოს უნდა აუნაზღაუროს.

შესაბამისად, CFD აუქციონით ჰესის, მზის თუ ქარის ელექტროსადგურის ოპერატორი იღებს გარანტიას, რომ წინასწარ შეთანხმებულ თანხას აუცილებლად მიიღებს. ამ მხრივ კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველია ჰქონდეთ ისეთი გარანტირებული ტარიფი, რომელიც საბაზრო ტარიფზე მაღალია, რადგანაც მათ ამ ტარიფიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება შეეძლოთ. ხოლო თუკი სატარიფო ფასი დაბალია, მაშინ არსებობს რისკი თავად კომპანიას მოუწიოს სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები