საქართველოს მთავრობა საქართველოში ჰესების, მზის და ქარის ელექტროსადგურების განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს გამომუშავებული ელექტროენერგიის მრავალწლიანი შესყიდვის დაზღვევის პროექტს, რაც CFD აუქციონებით ხორციელდება. CFD ტარიფების ხელშეკრულებების მოპოვებით განახლებადი ენერგიის ინვესტორებს შეუძლიათ ფასის დაზღვევა მიიღონ. უფრო კონკრეტულად კი კომპანიები მიიღებენ იმ ანაზღაურებას რაც CFD ტარიფით იქნება განსაზღვრული.
მაგალითად, თუკი CFD ტარიფი არის 7 ცენტი, ხოლო საბაზრო ტარიფი არის 5 ცენტი, ამ დროს სახელმწიფო ფასთა შორის 2-ცენტიან სხვაობას დააზღვევს და ჰესის ჰესის ოპერატორს შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდის. თუმცა, მაშინ როდესაც საბაზრო ტარიფი CFD აუქციონით განსაზღვრულ ტარიფზე მაღალია და პირობითად 9 ცენტს შეადგენს, მაშინ ჰესის ოპერატორმა სხვაობა პირიქით სახელმწიფოს უნდა აუნაზღაუროს.
შესაბამისად, CFD აუქციონით ჰესის, მზის თუ ქარის ელექტროსადგურის ოპერატორი იღებს გარანტიას, რომ წინასწარ შეთანხმებულ თანხას აუცილებლად მიიღებს. ამ მხრივ კომპანიებისთვის უფრო მიმზიდველია ჰქონდეთ ისეთი გარანტირებული ტარიფი, რომელიც საბაზრო ტარიფზე მაღალია, რადგანაც მათ ამ ტარიფიდან მაქსიმალური სარგებლის მიღება შეეძლოთ. ხოლო თუკი სატარიფო ფასი დაბალია, მაშინ არსებობს რისკი თავად კომპანიას მოუწიოს სახელმწიფოსთვის თანხის გადახდა.
თუმცა, ამ მხრივ მნიშვნელოვანია გარემოება, რომ CFD აუქციონის ტარიფები კონკურენციით დგინდება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგები:
- ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი
- მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:
- (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
- (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
- (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი
- ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი
- მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი
- სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი.
CFD აუქციონი გამოცხადდა 800 მგვტ სიმძლავრეზე, მათ შორის:
ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) – 300 მგვტ; საათობრივი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (1-4 სთ) – 50 მგვტ; დღიური რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (4-8სთ) – 100 მგვტ; დღეზე მეტი რეგულირების ჰიდროელექტროსადგური (8სთ >) - 150 მგვტ; ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე - 100 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; მზის ელექტროსადგურები - 125 მგვტ; ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) – 70 მგვტ; სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარმოდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.