მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვის ელაპარაკება სამინისტრო, რატომ და რა ტარიფზე, გამჭვირვალე უნდა იყოს“ - დარჯანია PPA კონტრაქტების აღდგენაზე

ჰელიოს

„პირდაპირ მოლაპარაკებები გვაგონებს ზუსტად იმ PPA მექანიზმს, რომელიც იყო გაუმჭვირვალე პროცესი. ვის ელაპარაკება სამინისტრო, რატომ და რა ტარიფზე, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე“, - ასე ეხმაურება მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი და კომპანია „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია მთავრობის გადაწყვეტილებას, აღარ გამოაცხადოს სიმძლავრის შემდეგი აუქციონი და ენერგეტიკაში გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები დააბრუნოს.

დღეს ვიცე პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ მთავრობა PPA, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს. მინისტრის თქმით, თუკი წარსულში გაფორმებული PPA კონტრაქტების ტარიფების შესახებ არსებობდა კითხვის ნიშნები თუ როგორ დადგინდა აღნიშნული ტარიფი, მომავალში გასაფორმებელ პირდაპირი შესყიდვის კონტრაქტებში განისაზღვრება ის ტარიფი, რომელიც მეორე CFD აუქციონის შედეგად დადგინდა.

აღნიშნული მედიანური ტარიფი შეთავაზებული იქნება ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებმაც აუქციონში ვერ გაიმარჯვეს.

თორნიკე დარჯანია აცხადებს, რომ კომპანიების დიდმა ნაწილმა, შესაძლოა, უარი თქვას მეორე სიმძლავრის აუქციონში დადგენილ ტარიფად პროექტების განხორციელებაზე და აუთვისებელი აღმოჩნდეს ის 800 მეგავატიც, რაზედაც აუქციონი იყო გამოცხადებული. შესაბამისად, როგორს ის ამბობს, შესაძლოა მთავრობას მესამე სიმძლავრის აუქციონის გამოცხადება მოუწიოს.

„სახელმწიფო იმედოვნებს, რომ ამ მედიანური ტარიფის ფარგლებში ეს საინტერესო უნდა იყოს ინვესტორებისთვის. მზის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, 5,6 ცენტი დამაგროვებლის გარეშე საინტერესო უნდა იყოს, დამაგროვებლით 6,34 ცენტი არ იქნება საინტერესო და მიგვაჩნია, რომ აქ რაღაც შეცდომას აქვს ადგილი, ან იმ პროექტმა, რომელმაც ასე დაბლა დასწია ტარიფი, ტექნიკურად და ფინანსურად გაუმართავია, რაც აუცილებლად უნდა გადამოწმდეს სამინისტროს მხრიდან. სამინისტრო უნდა შევიდეს ტექნიკურ და ფინანსურ კვლევაში, რომ დაადგინოს ეს შემოთავაზებული ტარიფი და პროექტი რეალურია თუ არა.

გვაქვს ეჭვი და რიგ შემთხვევაში დადასტურებული ინფორმაცია, რომ ბევრი კომპანია შევიდა აბსოლუტურად არასწორი ტექნიკურ - ეკონომიკური გათვლებით. დამაგროვებლები ბაზარზე არსებული ინფორმაციით 40%-ით აძვირებს მზის ელექტროსადგურის პროექტს, შესაბამისად გამორიცხულია, 5,6 იყოს მედიანური ტარიფი და 6,34 ცენტი დამაგროვებლის შემთხვევაში“, - აცხადებს თორნიკე დარჯანია.

მეორე სიმძლავრის აუქციონის შედეგები:

ჰიდროელექტროსადგურები მოდინებაზე, მედიანური ტარიფი - 6,50 აშშ ცენტი მარეგულირებელი ჰიდროელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი:

  • (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი
  • (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი
  • (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი

ქარის ელექტროსადგურები, მედიანური ტარიფი - 6,00 აშშ ცენტი

ქარის ელექტროსადგურები ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 8,60 აშშ ცენტი

მზის ელექტროსადგური, მედიანური ტარიფი - 5,60 აშშ ცენტი

მზის ელექტროსადგური ბატარეებით, მედიანური ტარიფი - 6,39 აშშ ცენტი

სხვა განახლებადები, მედიანური ტარიფი - 15,35 აშშ ცენტი

მეორე სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები ჯერ გამოვლენილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ 1877 მგვტ სიმძლავრის 147 პროექტზე შევიდა განაცხადები ეკონომიკის სამინისტროში, რაც 1077 მგვტ-ით მეტია აუქციონით გამოცხადებულ მაჩვენებელზე. 800 მეგავატის სიმძლავრის ენერგოპროექტების განმახორციელებელი კომპანიების გამოვლენის ვადა 12 მაისს იწურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები