მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელ.ენერგიის დამაგროვებლების პროექტები CFD სქემაში - ბიზნესის ახალი შეთავაზება მთავრობას

ენერგიის დამაგროვებელი

ენერგეტიკის სექტორი ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინიციატივით მიმართავს. ბიზნესი CFD სქემის ფარგლებში ენერგიის დამაგროვებელი ბატარეების პროექტების გათვალისწინებას ითხოვს. ინიციატორი საქართველოს მზის ენერგიის ასოციაცია და განახლებადი ენერგიის ასოციაცია GREDA-აა. ამაზე საუბარი იყო 22 ნოემბერს ბიზნესსა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე. კერძო სექტორი მთავრობა CFD სქემის პირობებში არა მარეგულირებელი ჰესების, არამედ მარეგულირებელი სადგურების დეფინიციის გათვალისწინებას სთავაზობს, რაშიც მათ შორის ელექტროენერგიის შემნახველი თანამედროვე ტექნოლოგიების მოიაზრება.

„ეკონომიკის სამინისტრო დეკემბრის ბოლოს აპირებს მეორე სიმძლავრის აუქციონის გამოცხადებას. 600 მეგავატიდან 300 უნდა იყოს ჰესები, ხოლო ამ 300 მეგავატში სურთ, რომ იყოს ასევე მარეგულირებელი ჰესები. ჩვენი ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ ამას არ დაერქვას მარეგულირებელი ჰესი, არამედ დაერქვას მარეგულირებელი სადგური.

მარეგულირებელ ჰესში უფრო მოიაზრება ის, რომ ჰესს შეიძლება ჰქონდეს კაშხალი, მარეგულირებელი ავზი. ჩვენ ვამბობთ ასეთ რამეს, რომ არ არის აუცილებელი იყოს კაშხალი და ავზი, შეიძლება იყოს აკუმულატორი, ან სხვა ნებისმიერი ტიპის დამაგროვებელი სისტემა, რომელიც შეინახავს ელექტროენერგიას და ზუსტად იმ მომენტში გასცემს, როცა ეს სისტემას სჭირდება.

კონკრეტულ ტექნოლოგიას კი არ უნდა მიექცეს უპირატესობა და ამას დავარქვათ მარეგულირებელი ჰესი, არამედ დავარქვათ მარეგულირებელი სადგური, რადგან შეიძლება მზის, ქარის, ჰიდროელექტროსადგურიც და სხვა ტიპის სადგურიც იყოს მარეგულირებელი სადგური. ინიციატივა გულისხმობს სწორედ იმას, რომ ეს არ იყოს კონკრეტულად ჰესზე მიბმული“, - განმარტავს საქართველოს მზის ენერგიის ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია.

ელექტროენერგიის დამაგროვებლებს განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა კარგად იცნობს. ამ ტიპის დამაგროვებლების ტექნოლოგია ენერგოსისტემის დაბალანსებისთვის, ასევე ზაფხულის ჭარბი გენერაციის ზამთარში გამოყენების და იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა. ბიზნესი ამბობს, რომ ელექტროენერგიის დამაგროვებლების ინსტალაცია დიდ თანხებთან აღარ არის დაკავშირებული, ამიტომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ ყველა ტექნოლოგიას თანაბარი პირობა შეუქმნას.

„კერძო სექტორიდან არის საკმაო ინტერესი. ადრე თუ წარმოუდგენელი იყო აკუმულატორების დაყენება, ახლა ეს რეალობაა და აღარ არის კოლოსალურ თანხებთან დაკავშირებული.

თუ გამოცხადდება 100 მეგავატი სიმძლავრის სადგურებზე აუქციონი და მოთხოვნა იქნება ვცდით და ჩვენ შევალთ სააკუმულატორო სისტემებით. აუქციონი და ფასი გადაწყვეტს, რომელი უფრო იაფია, აკუმულატორით ამის გაკეთება თუ კაშხლის აშენება. ვიღაცამ შეიძლება წყალბადის დამაგროვებელიც შემოგვთავაზოს, შესაბამისად ყველა ტექნოლოგიას თანაბარი პირობა უნდა ჰქონდეს“, - აცხადებს დარჯანია.

აღსანიშნია, რომ ენერგეტიკის სექტორი მეორე სიმძლავრის აუქციონებისთვის ემზადება, რომელიც დეკემბრის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს. კერძო სექტორი არ ელის, რომ აუქციონში დამაგროვებლების ტექნოლოგიის გათვალისწინება ასეთ მოკლე დროში მოხდება, თუმცა განახლებადი ენერგიის ასოციაციას მოლოდინი აქვს, რომ გარკვეულ ელემენტებს ეკონომიკის სამინისტრო მესამე სიმძლავრის აუქციონებში გაითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები