მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არაა ცუდი ტარიფი მზის ელექტროსადგურებისთვის" - თორნიკე დარჯანია პირდაპირი კონტრაქტების პირობებზე

თორნიკე დარჯანია

“ეს არ არის ცუდი ტარიფი მზის ელექტროსადგურების პროექტებისთვის” - ასე აფასებს "ჰელიოს ენერჯის" დამფუძნებელი, თორნიკე დარჯანია პირდაპირი კონტრაქტების პირობებს, რომელთა სარგებლობა ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესებულ პირებს 3 სექტემბრიდან უკვე შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ მთავრობის განკარგულებით დადგენილია ფიქსირებული ტარიფები, რომლითაც დაინტერესებული პირი 15 წლის განმავლობაში, სახელმწიფოსთან ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულების საფუძველზე ისარგებლებს. ეს ფიქსირებული ტარიფი მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის 6,5 ცენტს, ქარის ელექტროსადგურებისთვის 6 ცენტს; მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში კი - 5,6 ცენტს შეადგენს. თორნიკე დარჯანიას თქმით, ეს ტარიფი წესით, ინვესტორებისთვის მზის ელექტროსადგურების შემთხვევაში მისაღები უნდა იყოს.

“მზის ელექტროსადგურებთან მიმართებით 5.6 ცენტი წესით და რიგით მისაღები უნდა იყოს და ჩვენი დათვლებით ეს მისაღებია, ეს არ არის ცუდი ტარიფი და ამ ტარიფით ინვესტორებმა უნდა შეძლონ მზის ელექტროსადგურების პროექტების განხორციელება”, - განაცხადა თორნიკე დარჯანიამ “საქმის კურსში” სტუმრობისას.

რაც შეეხება ინვესტიციის ამოღების ვადას, დარჯანიას თქმით, ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, მათ შორის, თუ რომელ რეგიონში განთავსდება მზის ელექტროსადგური და შესაბამისად, რამდენს გამოიმუშავებს წელიწადში, თუმცა, “საშუალოდ 5.6 ცენტით რომ დავითვალოთ, ბანკის კრედიტის გათვალისწინებით, ალბათ ამოღების პერიოდი 6-7 წელი იქნება, რაც ასეთი ტიპის პროექტებისთვის მისაღებია და ინვესტორები ასეთი უკუგების პერიოდზე თანახმანი არიან ხოლმე”.

ხოლო კითხვაზე, არიან თუ არა უკვე ინვესტორები, რომლებიც მზად არიან სახელმწიფოსთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმებისთვის, დარჯანიამ აღნიშნა, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ განაცხადები ჯერ შეტანილი არ აქვთ.

“ყოველთვის ყველას ბოლოსკენ შეაქვს ხოლმე განაცხადები. განაცხადების შეტანის ბოლო ვადა 31 დეკემბერია და შესაბამისად, არავინ ჩქარობს. წინა აუქციონში დამარცხებული პროექტები შეეცდებიან, რომ შეცვალონ თავიანთი პროექტი, ასევე ფინანსურად სხვანაირად დაითვალონ. თუმცა, პირდაპირი წესით შერჩევა არ ნიშნავს იმას, რომ აქ კონკურსი არ არის. სახელმწიფო გვეუბნება რომ 5.6 ცენტზე მეტს ვერ შევთავაზებთ, მაგრამ მოხარული იქნებოდნენ, თუ ამ ტარიფზე ნაკლებს შესთავაზებენ. აქაც კონკურსია და ვისაც დაბალი ტარიფი ექნება, ის იქნება გამარჯვებული.

ეს არის ბოლო შანსი იმ პროექტებისთვის, რომლებიც გამარჯვებულთა სიაში ვერ მოხვდნენ, ვინაიდან შემდეგი აუქციონი ან კონკურსი შეიძლება მომავალ 3-4 წელიწადში აღარ ჩატარდეს”, - განაცხადა “ჰელიოს ენერჯის” დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, 3 სექტემბრიდან ენერგეტიკული პროექტებით დაინტერესებული პირებს პირდაპირი კონტრაქტებით სარგებლობა უკვე შეუძლიათ. სწორედ პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიცვალა CFD აუქციონები, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. ენერგეტიკის სექტორით დაინტერესებულ პირს, რომელიც დააკმაყოფილებს წინასწარ განსაზღვრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კრიტერიუმებს, შესაძლებლობა აქვს, ისარგებლოს მხარდაჭერის სქემის განახლებული პირობებით და აუქციონის გარეშე, სახელმწიფოსთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად მიიღოს ფასთაშორის სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფიქსირებული ტარიფი ელექტროსადგურის პროექტის განსავითარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები