ენერგოპროექტების მხარდამჭერი სქემის, პირველი CFD აუქციონის გამარჯვებულთა სიაში სულ 27 საინვესტიციო პროექტია, მათ შორის 14 ჰიდროელექტროსადგურის (149 მეგავატი); 3 [77 მეგავატი] ქარის, 10 [70 მეგავატი] კი მზის ელექტროსადგურის. მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის, თორნიკე დარჯანიას განცხადებით, პირველი სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული მცირე სიმძლავრის მზის პროექტების განხორციელება დაწყებულია, თუმცა დიდი პროექტები მშენებლობის ეტაპზე ჯერ არ გადასულან.
რაც შეეხება მეორე სიმძლავრის აუქციონს, თორნიკე დარჯანიას ინფორმაციით, პროექტების ინვესტორებთან ხელშეკრულება დღემდე გაფორმებული არ არის.
“პირველ სიმძლავრის აუქციონში იყო რამდენიმე პატარა პროექტი, თუ სწორად მახსოვს 7 პროექტი, 2 მეგავატი სიმძლავრის. ჩემი ინფორმაციით, ეს პროექტები ხორციელდება, მშენებლობის ეტაპზეა. რაც შეეხება დიდ პროექტებს, ჩემი ინფორმაციით, ისინი არ არიან გადასული მშენებლობის ეტაპზე, თუმცა ვერ გეტყვით რატომ.
რაც შეეხება მეორე აუქციონს, მეორე აუქციონის გამარჯვებულებს, დღემდე არ აქვთ ხელშეკრულება გაფორმებული მთავრობასთან. არჩევნებამდე როგორც ჩანს ვერ მოესწრო, რომ მთავრობას ამ ხელშეკრულებებზე მიეცა საბოლოოდ მწვანე შუქი და ხელმოწერილი დაბრუნებოდათ ინვესტორებს.
ახლა ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ არჩევნებს ვხვდებით ისე, რომ გამარჯვებულები ვინც არიან მათ ეს კონტარქტები ხელმოწერილი არ აქვთ. შესაბამისად მშენებლობის ეტაპზე გადასვლაზე საუბარი ზედმეტია”,- აცხადებს “საქმის კურსთან” ინტერვიუში Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი & „მზის ენერგიის ასოციაციის“ დირექტორი თორნიკე დარჯანია.
მეორე სიმძლავრის აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროში 147 პროექტი იქნა წარდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იყო. აქედან რამდენი გამარჯვებული პროექტი შეარჩია სამინისტრომ, ინფორმაცია ამის შესახებ საჯაროდ გამოქვეყნებული არ არის.