ენერგეტიკაში CFD მექანიზმი 2022 წელს ამოქმედდა. განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონი კი გასულ წელს გამოცხადდა და მთავრობამ აქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. აქვე შეგახსენებთ, რომ PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში სახელმწიფო არ შედის. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით ფორმდება და დაფინანსებას მხოლოდ ის იღებს, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს აფიქსირებს. მაგალითად, CFD-ის პირველი ეტაპის აუქციონში 24 კომპანია შეარჩია და ჰესებისთვის მედიანური ტარიფი 6,85 ცენტით განისაზღვრა.
Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია მიიჩნევს, რომ CFD აუქციონმა შექმნა პლატფორმა, რომელიც საშუალებას გაძლევს გათვლა გააკეთო, რა ტარიფში შეგიძლია გახვიდე, მაგრამ პრობლემა თავად პროექტის განხორციელების ვადებია.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში“ სტუმრობისას თქვა, აუქციონში გამარჯვებიდან, ბოლო ეტაპამდე გასვლის პროცესი უფრო სწრაფი უნდა იყოს.
„პირველი აუქციონის ჩატარებიდან, თითქმის, ერთი წელი გავიდა და ეს პროცესი მშენებლობაზე არ გადასულა. არა აქვს მნიშვნელობა პატარა/დიდი პროექტია, მაინც მთავრობაზე უნდა გავიდეს. რატომ უნდა გავიდეს მთავრობაზე, როცა ეს ასეთი პატარა მოცულობისაა, ამის საჭიროება არ არის, რადგან ტარიფი მიღებულია; პროექტი დასაბუთებულია; სამინისტროში ეკონომიკური კვლევა დევს და მოწონებულია; ამ პროექტს ადგილობრივ მოსახლეობასთან პრობლემა არ აქვს, ამიტომ უნდა დავიწყოთ მშენებლობა - ყველა ქვეყანაში ასე ხდება. იღებენ ტარიფს და შემდეგ მშენებლობა იწყება. დღეს რომ ინვესტორმა აუქციონი მაგალითად, 5,3 ცენტში მოიგოს, 1 წლის შემდეგ შეიძლება პროდუქტი ისე გაუძვირდეს, რომ იზარალოს და ვეღარ ააშენოს“, - განაცხადა მან.
დარჯანია, კიდევ რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რაც ინვესტორების ინტერესს აფერხებს და მზის ენერგეტიკაში ინვესტირებისთვის გარკვეულ ყოყმანს იწვევს. მისი მოსაზრებით ერთ-ერთი ასეთი არამდგრადი და გაუგებარი რეგულაციებია.
„არაფერი ისე არ ვნებს საინვესტიციო კლიმატს, როგორც არამდგრადი და გაუგებარი რეგულაციები. ყოველთვის ვეუბნებით ხოლმე ჩვენს მეგობრებს, რომლებიც საჯარო სამსახურში სხედან, რომ მათ სამუშაო რეგულაციური მდგრადობის მიმართულებით აქვთ. ინვესტორს ხელს უშლის, როდესაც რეგულაციური ჯუნგლია. მთავრობას არაფერი მოეთხოვება იმის გარდა, რომ სქემაში რეგულაციების ნათელყოფა შემოიტანოს“, - განაცხადა მან.
მან ასევე პრობლემად დაასახელა ენერგობირჟის ამოქმედების გადავადება. მისი მოსაზრებით, ბირჟა თუ კონკურენციას უზრუნველყოფს მისასალმებელია:“თუ ბირჟას არ ვხსნით, მაშინ ხელოვნურ ჩარევას ვაკეთებთ და განვსაზღვრავთ ამათუ იმ სფეროსთვის კონკრეტულ ტარიფს/ფასს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ იმუშავებს, რადგან არაფერი არ მუშაობს თუ იქ კონკურენცია არ არის“, - განაცხადა დარჯანიამ.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის გახსნის ფარგლებში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ, გასულ წელს, 1 წლით გადავადდა. რატომ გადავადდა ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ამ კითხვაზე ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ პრობლემა რეგიონში შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობაა. „ჩავთვალეთ, რომ არის გარკვეული რისკები ენერგეტიკული ბაზრის გახსნისთვის, ამგვარად 1-წლიანი პერიოდი ავიღეთ“, - თქვა ლევან დავითაშვილმა.
რაც შეეხება CFD აუქციონებში გამარჯვებულ პროექტებს და მათვის განსაზღვრულ ტარიფებს, ასე ნაწილდება:
● მაგანა ჰესი - 4,5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 5,9;
● ჭართალი ჰესი - 1,56 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,3;
● ცხენისწყალი 3 ჰესი - 35 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,49;
● შავი არაგვი 2 ჰესი - 5 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,5;
● სადმელი ჰესი - 2,7 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,7;
● დევაში ჰესი - 5,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
● ცხენისწყალი 1 ჰესი - 22,48 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
● შავი არაგვი ჰესი - 5,2 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
● შავი არაგვი 1 ჰესი - 3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,8;
● ხადა ჰესი - 1,45 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
● რიონი-ჭანჭახი ჰესი - 21,13 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
● ნოწარულა 2 ჰესი - 4,88 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
● ზესხო 1 ჰესი - 20,3 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
● კამარა ჰესი - 16,62 მგვტ, ტარიფი (აშშ ცენტი) 6,85;
● ქარელის ქარის ელ სადგური - 28 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,78;
● ჩერო ენერჯის ქარის ელ სადგური - 49 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 6;
● უდაბნოს მზის ელ სადგური - 6 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,3;
● ილიაწმინდას მზის ელ სადგური - 30 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,35;
● ჯეოსთილის 50 მგვტ მზის ელ სადგური - 20 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,5;
● ბადიაურის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
● სახენისი 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
● გამარჯვების მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
● ვარდისუბნის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
● ქედის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
● ელდარის მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9;
● საგარეჯოს 1 მზის ელ სადგური - 2 მგვტ, ტარიფი (აშშ. ცენტი) 5,9.
CFD სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში მთავრობა 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს.