Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ “აწარმოე საქართველოს” ახალი პროგრამა, რომელიც მიკროსიმძლავრეების დაფინანსებას ითვალისწინებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მზის სადგურებისთვის იქნება.
საუბარია ელექტროენერგიის წარმოების კომპონენტზე, რომელიც ბიზნესს უნივერსალის პროგრამას დაემატა. კერძოდ, სესხით/ლიზინგით სარგებლობისათვის სავალდებულოა, ობიექტი აწარმოებდეს მზის, ქარის ან ჰიდრო ენერგიას და მათი დადგმული სიმძლავრე 0.5 მეგავატს არ აღემატებოდეს. პროგრამის ფარგლებში სესხის პროცენტის სუბსიდირება სესხის სრული ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%-ის ოდენობით მოხდება.
“ეს პროგრამა ჩვენს მიმართულებას ნამდვილად წაადგება. 0.5 მეგავატიანი მიკროჰესები როგორც ვიცი ძალიან ცოტაა. ამიტომ, ეს პროგრამა ძირითადად მზის სადგურებისთვის იქნება. პროცედურის მიხედვით, კომპანია დამკვეთს წარუდგენს განფასებას, შემდეგ ისინი ბანკში მიდიან, ბანკი ამუშავებს ამ პროექტს და ის აძლევს დაფინანსებაზე თანხმობას. შემდგომ ხდება "აწარმოე საქართველოსთან" დაკავშირება, რათა ბენეფიციარმა პროგრამით ისარგებლოს. ეს ნიშნავს, რომ პროექტი ჯერ ბანკმა უნდა დაამტკიცოს იმისთვის, რომ დაფინანსება მიიღოს. შემდგომი პროცესი უშუალოდ “აწარმოე საქართველოში” ბიუროკრატიული თვალსაზრისით გაწელილი არ არის. ჩვენც როცა ვხედავთ რომ პროექტს აქვს შესაძლებლობა ამ დაფინანსების მექანიზმით ისარგებლოს, დამკვეთს აუცილებლად ვაწვდით ინფორმაციას",- ამბობს დარჯანია.