მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს მინიმუმ ათი მეგავატის სიმძლავრის დადგმას ვაპირებთ - Helios Energy

63b7c9375d8fe
მარიამ ვარადაშვილი
05.01.23 22:00
2138
Helios Energy Georgia-ს დამფუძნებელი თორნიკე დარჯანია BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ 2022 დამატებით 4 მგვტ სიმძლავრის სადგურები ააშენეს. შედეგად კომპანიის მიერ დადგმული სიმძლავრის რაოდენობა ჯამში 8 მეგავატამდე გაიზარდა.

“2022 წელი მზის ენერგეტიკისთვის ნამდვილად კარგი აღმოჩნდა. ჯამურად ქვეყანაში დადგმული სიმძლავრე 8 მეგავატამდე გავზარდეთ. 2022 წელს დავაყენეთ იმდენი სიმძლავრე, რაც მანამდე ხუთი წლის განმავლობაში გვქონდა. წელს ამ მაჩვენებლის გაორმაგებას ვაპირებთ. ჩვენი მოლოდინით წლის ბოლომდე დაახლოებით ათი მეგავატი სიმძლავრის სადგურები უნდა განვათავსოთ. დღეის მდგომარეობით უკვე 2.5 მეგავატი სიმძლავრის სადგურებზე გვაქვს შეკვეთა მიღებული და წლის ბოლომდე მინიმუმ ათი მეგავატი სიმძლავრე უნდა დავდგათ. ჩვენი მომხმარებელთა აბოსულუტური უმრავლესობა იურიდიული პირია.

იმისთვის, რომ ფიზიკური პირების რაოდენობა გაიზარდოს, მნიშვნელოვანია პარლამენტმა ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი მიიღოს. დიდი ხანია პარლამენტს მივმართეთ, თუმცა მათგან უკუკავშირი არ ყოფილა. ძალიან ცუდია რომ მომხმარებელში ფიზიკური პირების რაოდენობა ცოტაა და სწორედ ამიტომ არის ეს ცვლილება მნიშვნელოვანი. უმთავრესად მათ სჭირდებათ ეს ხელშემწყობი მექანიზმი”,-ამბობს დარჯანია.

საუბარია მზის ენერგეტიკის ასოციაციის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლითაც მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის გამოყენების ეკონომიკური ეფექტიანობისათვის, მის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირებაა საჭირო.

თუ პარლამენტი კანონპროექტს ამ ფორმით მხარს დაუჭერს, მაშინ ფიზიკური პირები მიკროსიმძლავრის სადგურის დამონტაჟებისას მოწყობილობა-დანადგარების/მასალების მიწოდებისა და მომსახურების გაწევის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

ინიციატივის თანახმად, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური გულისხმობს საბოლოო მომხმარებლის სარგებლობაში არსებულ ელექტროენერგიის წარმოების ობიექტს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. იყენებს განახლებადი ენერგიის წყაროებს;
2. უკავშირდება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს; გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სემეკის მიერ უფრო მაღალი ზედა ზღვარია განსაზღვრული (ასეთ შემთხვევაშიც, კომისიის მიერ დადგენილი ზედა ზღვარი 500 კილოვატს არ უნდა აღემატებოდეს). შეღავათი გავრცელდება მზის, ქარისა და ჰიდროელექტროსადგურზეც კი.

ვრცლად ამ თემაზე: მიკროსიმძლავრის სადგურების დღგ-გან გათავისუფლებაზე კანონპროექტი მომზადდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები