მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზის პანელების ფასი ორჯერ შემცირდა, მათი ეფექტიანობა კი 20%-ით გაიზარდა - „ჰელიოს ენერჯი“

64157b276bbcd
სალომე ხიდურელი
18.03.23 14:45
891
მსოფლიოში ელექტროენერგიის გამოყენების მზარდ ტენდენციებზე გადაცემა BMGDRIVE-ში „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა თორნიკე დარჯანიამ ისაუბრა. მისი თქმით, მომავალში ელექტროენერგიის გენერაციის ძირითადი წყარო მზის ენერგია იქნება.

„დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ საიდან მივიღებთ ამ ელექტროენერგიას იქნება ეს განახლებადი ენერგიები, გავაგრძელებთ ქვანახშირის მოპოვებას თუ გვექნება ატომური ელექტროსადგურები, რაც უსაფრთხო ნამდვილად არ არის. ამ დროს, ყველაზე დიდი გენერატორი ცაში კიდია და მოდი, ვეცადოთ, ის ჩვენი მიზნებისათვის გამოვიყენოთ. ამ მიმართულებით ფიქრობს მთელი მსოფლიო, რომ მომავლის ძირითადი წყარო განახლებად ენერგიებში მზის ენერგია იქნება. შეგვიძლია ვისაუბროთ წყლის, ქარის ენერგიებზე, თუმცა ვიცით, რომ ეს საკმარისი არ იქნება. შეიძლება, საქართველოს აქვს ამის დიდი რესურსები, მაგრამ მსოფლიოს ბევრ ქვეყანას - არა“, - განმარტავს დარჯანია.

მსოფლიო ტენდენციებზე საუბრისას, „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელმა ორი მთავარი გამოწვევა გამოყო, რომლებიც ელექტროენერგიის მოპოვებას უკავშირდება.

„ორი ძირითადი საკითხია: პირველი ის, რომ ჩვენ ვაწარმოოთ რაც შეიძლება სუფთა ენერგია მზისგან, ქარისგან თუ სხვა განახლებადი წყაროებისგან; და მეორე, ვინაიდან ეს ცვალებადი გენერაციის წყაროებია (მზიანი და ქარიანი დღე ყოველთვის არ არის), მოპოვებული ენერგიის შენახვა უნდა მოვახერხოთ სადმე და ამის ტექნოლოგიები აუცილებელია“, - ამბობს დარჯანია.

კითხვაზე, რამდენად ხელმისაწვდომია ტექნოლოგიები, რომელიც მზის ენერგიის მოპოვებისთვის გამოიყენება, თორნიკე დარჯანია ამბობს, რომ შვიდწლიან პერიოდში, მზის პანელებზე ფასი ორჯერ შემცირდა.

„6-7 წლიან პერიოდში ფასი ორჯერ შემცირდა და პანელების ეფექტიანობამ დაახლოებით 20%-ით მოიმატა. ამიტომ ფასმა არ უნდა შეგვაშინოს, არ არსებობს ტექნოლოგია, რომელიც თავიდან ძვირია და დროთა განმავლობაში არ გაიაფდეს. ამიტომ ვიძახით, რომ მზე ენერგიის ყველაზე დემოკრატიული წყაროა და ყველას შეუძლია გამოიყენოს“, - აცხადებს „ჰელიოს ენერჯის“ დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები