მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ CFD აუქციონში შერჩეულ 6 პროექტზე ხელშეკრულების გაფორმება დაამტკიცა

მთავრობის სხდომა

მთავრობის სხდომაზე ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველ აუქციონში  გამარჯვებულ კომპანიებთან გასაფორმებელი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ხელშეკრულება დამტკიცდა.

დღეს გამართულ სხდომაზე ჯამში 6 პროექტი იქნა მიღებული, რომელთა ჯამური სიმძლავრე 44 მგვტ-ია; გამომუშავება 71 მლნ კვტ სთ; ინვესტიციის მოცულობა კი თითქმის 27 მლნ დოლარს შეადგენს. 

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად მაისში ჩატარდა.

პირველ აუქციონში სულ 27 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა, რომლებიც 15 ჰიდროელექტროსადგურის,  2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებენ.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, გენერაციის ეს  27 სადგური ამოქმედების შემდეგ, ჯამურად 1,1407 მლრდ კვტ სთ გამომუშავებას შეძლებს, ხოლო ინვესტიცია, რომელიც ამ პროექტებში განხორციელდება 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.

მთავრობის წინა სხდომაზე დამტკიცდა ხელშეკრულება, რომელიც ჯამში 11 პროექტს მოიცავს და რომელთა  ჯამური სიმძლავრე 161 მეგავატიაჯამური გამომუშავება 661,9 მლნ კვტ სთ-ია, ინვესტიციის მოცულობა კი 218 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

“300 მეგავატი გვქონდა გამოტანილი განახლებადი ენერგიის სხვადასხვა წყაროდან პროექტების დასაფინანსებლად. საბოლოოდ 27 პროექტი შეირჩა. ახლა მთავრობის სხდომაზე ხდება შეთანხმება ინვესტორებთან. პროცედურების შესაბამისად მათ მყარი საბანკო გარანტიები უნდა წარმოადგინონ, რაც შესწავლისა და ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ეტაპებს ითვალისწინებს. ჯამში ეს არის დაახლოებით 400 მლნ დოლარის ინვესტიცია და 1.1 მილიარდი კვტ.სთ გენერაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ აუქციონს კიდევ რამდენიმე აუქციონი უნდა მოჰყვეს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შევჯერდით, რომ აუქციონის წესით 1500 მეგავატამდე სიმძლავრის პროექტებს შევარჩევთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები