ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ მესამე CFD აუქციონის გამოცხადება არ იგეგმება. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ტარიფები, რომლითაც ინვესტორები პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეძლებენ პროექტების შეთანხმებას, მეორე CFD აუქციონის შედეგებს დაეფუძნება. დავითაშვილის ინფორმაციით, საკითხი შემდეგ მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება.
„ფაქტობრივად, არცერთი კერძო ინვესტიცია განახლებადი წყაროებიდან ენერგეტიკულ პროექტებში არ არის PPP კანონმდებლობის მიღმა. კანონმდებლობა განსაზღვრავს სპეციალურ რეჟიმს ენერგოპროექტებისთვის, ეს არის რამდენიმეჯერ განხილვა, კვლევის, შესწავლის, სამშენებლო ეტაპები და მთავრობასთან ხდება შესაბამის მემორანდუმში ჩამოყალიბება პირობების, რასაც კერძო ინვესტორთან ვათანხმებთ. იცით, რომ ბოლო წლებში მაქსიმალურად გავააქტიურეთ მუშაობა ინვესტორებთან და ბოლო პერიოდში შემოვიტანეთ მხარდაჭერის ახალი მექანიზმები, რომელმაც წაახალისა კერძო ინვესტიციები. მათ გაუადვილდათ კაპიტალის მოზიდვა, მათ შორის საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფასის დაფიქსირებაში მივეხმარეთ, CFD მექანიზმი შემოვიღეთ ორი წელია. ორი აუქციონი ჩავატარეთ ამ შემთხვევაში. მაღალი კონკურენციის პირობებში ჩამოყალიბდა კონკურენტული ფასები და მთავრობის ბოლო დადგენილებით, შევიტანეთ ცვლილება და ბოლო აუქციონის ვაჭრობის ფასებით ვაძლევთ საშუალებას ინვესტორებს, რომ პირდაპირ, უფრო გამარტივებული პროცედურებით მიმართონ სამინისტროს, მიიღონ მხარდაჭერის მექანიზმი და განახორციელონ პროექტები. მომავალ მთავრობის სხდომაზე, შემდეგ კვირას იქნება დამტკიცებული კონკრეტული ფასები, რაც მეორე აუქციონის ვაჭრობისას ჩამოყალიბდა. მესამე CFD აუქციონს აღარ ვგეგმავთ“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ აპრილში გახდა ცნობილი, რომ მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს. თუმცა, კერძო სექტორის მხრიდან არსებობდა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მესამე აუქციონიც გამოცხადებულიყო.