მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთისთვის? - საელჩოს განმარტება

ჩინეთი, პორტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაციის, China Communications Construction Company-ის ფინანსური რესურსით აშენდება. საქართველოსთვის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან პროექტში სახელმწიფო საკონტროლო პაკეტს ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებს, ხოლო ჩინური კომპანია მინორიტარი აქციონერი იქნება. CCCC სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატია, რომელიც მსხვილი ინფრასტრუქტურული აქტივების მშენებლობაზე, ფლობასა და ოპერირებაზე ფოკუსირდება. კომპანია 2005 წელს არის დაფუძნებული და მის 63.8%-იან წილს სახელმწიფო ფონდი SASAC ფლობს. China Communication Construction Company Limited-ის 2023 წლის ანგარიშის ფინანსური თანახმად, კომპანიის შემოსავალი 5%-ით გაიზარდა და $106 მილიარდ დოლარს მიაღწია. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება $4.3 მილიარდი დოლარი იყო, რაც 2022 წლის მოგებას 20%-ით აღემატებოდა.

რას ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ჩინეთისთვის, რატომ გადაწყვიტა ჩინურმა კორპორაციამ ამ პროექტში მონაწილეობა და რა როლს ასრულებს ანაკლიის პორტი და საქართველო “ერთი სარტყელი - ერთი გზის” პროექტში? ამ და სხვა თემებზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, ჭაო ჩუანს ვესაუბრეთ. როგორც დიპლომატი ამბობს, ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, რომელსაც ევრაზიის რეგიონში სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების გაუმჯობესება შეუძლია.

“ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობა ევრაზიის რეგიონში. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩინეთისთვის, საქართველოსთვის და ამ დერეფნის გასწვრივ მდებარე ქვეყნებისათვის. ამჟამად ჩინეთი, საქართველო, ევროპა და ყველა ჩართული მხარე ოპტიმისტურად არის განწყობილი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართ, რაც მყარ საფუძველს ქმნის მომავალი თანამშრომლობისთვის.

საქართველო აკავშირებს ევროპასა და აზიას თავისი სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით და მისი ძალისხმევა მიმართულია იმისაკენ, რომ ჩამოყალიბდეს რეგიონულ ჰაბად. ანაკლიის პორტი უდავოდ გააძლიერებს საქართველოს ტრანსსასაზღვრო სატრანსპორტო შესაძლებლობებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას გამოეხმაურა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩინეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა გაღრმავდა, რამაც შესანიშნავი შედეგი გამოიღო. მოსალოდნელია, რომ ანაკლიის პორტი გახდება საეტაპო პროექტი ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისთვის. ანაკლიის პორტი გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებლის როლს და განამტკიცებს მის ადგილს მსოფლიო ვაჭრობაში, რაც თავის მხრივ გაზრდის მის მიმზიდველობას საერთაშორისო ინვესტორებისთვის.

ჩინეთი მზად არის გააგრძელოს კომუნიკაცია და თანამშრომლობა „სარტყელი და გზის“ გასწვრივ მდებარე ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსა და ევროკავშირთან. „სარტყელი და გზის“ ინიციატივის „შუა დერეფანთან“ ინტეგრაციის ხელშეწყობით, რესურსების ინვესტირების გაზრდით და საბაზრო თანამშრომლობის გაძლიერებით, ჩინეთი მიზნად ისახავს უკეთესად განავითაროს და გამოიყენოს „შუა დერეფანი“. ეს გააუმჯობესებს რეგიონში ტრანსპორტირების ეფექტურობას და უფრო ძლიერ იმპულსს მისცემს რეგიონულ ეკონომიკურ, სავაჭრო და სოციალურ განვითარებას”, - განაცხადა ჭაო ჩუანმა BMG-სთან საუბრისას.

ჩინელმა დიპლომატმა ჩვენთან იმ კომპანიაზეც ისაუბრა, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მეწილე იქნება, საქართველოს სახელმწიფოსთან ერთად. ჭაო ჩუანის თქმით, China Communications Construction Company ერთ-ერთი წამყვანი ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიაა ჩინეთში, რომლის ოპერირება მეგობრობის, თანასწორობის და ორმხრივი სარგებლის პრინციპებს ეფუძნება.

“China Communications Construction Company (CCCC) არის წამყვანი გლობალური ინფრასტრუქტურული სერვისის პროვაიდერი, რომელიც 2023 წელს Fortune Global 500 სიაში 63-ე ადგილს იკავებს. კომპანია ფოკუსირებულია ინვესტიციებზე, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე, აღჭურვილობის წარმოებასა და ურბანულ განვითარებაზე. CCCC არის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია პორტების დიზაინისა და მშენებლობის, საავტომობილო გზების და ხიდების დიზაინისა და მშენებლობის, გათხრებისა და კონტეინერის ამწეების წარმოების მიმართულებით. მისი პროდუქტები და სერვისები გამოიყენება მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში.

ჩინური კომპანიები, მათ შორის CCCC, მეგობრობის, თანასწორობის და ორმხრივი სარგებლის პრინციპებს ეფუძნებიან, რაც დადებითად აისახება მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. მაგალითად, საქართველოში E60 ჩქაროსნული გზის მონაკვეთი ააშენა CCCC-ის შვილობილმა კომპანიამ China Road and Bridge Corporation-მა. ეს მონაკვეთი ტრანსპორტისთვის გასული წლის ოქტომბერში გაიხსნა, რამაც მნიშვნელოვნად გაამარტივა საქართველოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მიმოსვლა და მოიპოვა დადებითი შეფასება, როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან”, - განაცხადა ჭაო ჩუანმა BMG-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები