არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამოქალაქო იდეა’–ს თავმჯდომარე თინა ხიდაშელი ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის გამარჯვების შესაძლებლობას ხედავს, რასაც რისკად აფასებს და ამით ხსნის იმ შეფასებას, რაც საზოგადოებამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისგან რამდენიმე დღის წინ მოისმინა.
„ფაქტია, ქალბატონი თინა [ხიდაშელი] ფინანსდება ტაივანის მხრიდან – არის ოფიციალური ფონდები და გასაგებია, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე, ის ცდილობს საქართველოში ანტი–ჩინური განწყობები გააღვივოს,“ – ეს თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის ამ განცხადებას გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია ‘სამოქალაქო იდეა’, რომელსაც თინა ხიდაშელი წარმოადგენს. „შეცდომაა – „ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ“ – აღნიშნულია ‘სამოქალაქო იდეა’–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართული ოცნების ბრალდებებთან დაკავშირებით პირველი კომენტარი ‘სამოქალაქო იდეა’–ს თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა ‘ანალიტიკა’–ს პირდაპირ ეთერში გააკეთა.
თინა ხიდაშელის თქმით, პარლამენტის სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობა 7 წლის შემდეგ გაბრაზდა, რადგან უკვე 7 წელია, რაც ‘სამოქალაქო იდეა’ ხელისუფლების ჩინურ კომპანიებთან სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე და უშუალოდ პრემიერის პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს. ქართული ოცნების გაბრაზების მიზეზი დღეს, 2024 წლის იანვარში, მისი შეფასებით, ანაკლიაა.
„გვაქვს ეჭვი, რომ ხელისუფლება ამზადებს ანაკლიის პროექტში ჩინური კომპანიის გამარჯვებულად გამოცხადებას. მათ [ხელისუფლებამ] კარგად იციან, რომ სერიოზული რეაქცია იქნება.ძალიან ბევრი წინააღმდეგობა და უკმაყოფილება მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ახლა მათი ამოცანაა, რომ ამ გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, ერთგვარად, წინასწარი სამუშაოები ჩაატარონ, – ამბობს თინა ხიდაშელი „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში – რომ თავისი ამომრჩევლისთვის მაინც ეს იარლიყები მზად ჰქონდეთ და როგორც კი ჩვენ მაგალითად – და მზად გვაქვს უკვე თუკი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული – დავასახელებთ არგუმენტირებულ მიზეზებს, რატომ არ შეიძლება ჩინურ კომპანიას მივცეთ ღრმაწყლოვანი პორტი – ეს ყველაზე მთავარი სტრატეგიული ობიექტი საქართველოსთვის – ისინი [ხელისუფლება] იტყვიან, რომ ჩვენ [სამოქალაქო იდეა], სინამდვილეში, ტაივანის აგენტები ვართ და ამიტომ რა მნიშვნელობა აქვს, რას ვამბობთ“.
სექტემბრის დასაწყისში ჩინეთის ელჩმა საქართველოში, ჭოუ ციენმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ ჩინეთი დაინტერესებულია „შუა დერეფნის“ ქვეყნებში ინფრასტრუქტურული პროექტებით. ამ პროექტების რიგში შედის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც.
„ზოგადად, ჩინური კომპანიები და ჩინური საწარმოები დაინტერესებულნი იქნებიან "სარტყლისა და გზის" მთელ გაყოლებაზე, "შუა დერეფანში", ინფრასტრუქტურული პროექტებით“, - ეს თქვა მაშინ ელჩმა ჟურნალისტებთან.
მოგვიანებით, ჩინეთის ელჩმა ჩინეთის საელჩოსა და ანალიტიკური ცენტრების, GSAC-ისა და „ჯეოქეისის“ ორგანიზებული კონფერენციის შემდეგ გაიმეორა, რომ "თუკი კარგი პირობები გვექნა, ვფიქრობ, არანაირი პრობლემა არ იქნება, რომ ჩინური კომპანიები ჩაერთონ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა თუ სხვა პროექტებში".
წელს, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს პრემიერმინისტრის მკაფიო გზავნილი იყო, რომ შუა დერეფნის კონტექსტში საქართველო აქტიურად განიხილავს ჩინეთთან თანამშრომლობას.
ანაკლიის პროექტის ტენდერზე ამ ეტაპზე რაც ვიცით ის არის, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტის კერძო პარტნიორის შერჩევის მეორე, „წინადადებების წარმოდგენის ეტაპზე” შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი არიან გადასულები.