მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი აღმოჩნდა ჩინეთის სახელმწიფოს ხელში - თინა ხიდაშელი ანაკლიის პორტზე

თინა ხიდაშელი

ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი აღმოჩნდა ჩინეთის სახელმწიფოს ხელში... ჩინეთში მსგავსი კომპანიები კერძოები არ არიან, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე, თინა ხიდაშელმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" განაცხადა.

საქმე ის არის, რომ გაცხადდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის გამოვლენის საერთაშორისო კონკურსში საბოლოო წინადადება მხოლოდ ერთმა, ჩინურ-სინგაპურულმა [China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური)] ჰოლდინგმა წარადგინა. მაშინ ითქვა, რომ ვინაიდან განაცხადი სრულყოფილად იყო შევსებული, რამდენიმე დღეში სწორედ ეს კონსორციუმი გამოცხადდებოდა გამარჯვებულად. გუშინ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გვითხრა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორად ჩინური კონსორციუმის გამოცხადებას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდება. BMG-ის კითხვაზე, რატომ გვიანდება პროცესი, დავითაშვილმა განმარტა, რომ ეს დრო დიალოგს და საკითხების დაზუსტებას სჭირდება, რათა ინვესტორის წინადადება სრულ შესაბამისობაში იყოს სატენდერო მოთხოვნებთან.

კითხვაზე, ლოგიკურია თუ არა, რომ ანაკლიის პროექტში მხოლოდ ჩინელი ინვესტორები და ჩინური ინვესტიციციები მივიღეთ, რესპოდენტი პასუხობს, რომ „სამწუხაროდ ლოგიკურია“.

„ბოლო თვეების და საერთოდ, ბოლო 4 განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ ზუსტად იქით მივდიოდით, სადაც მივედით გასული წლის 31 ივლისს, როცა გაფორმდა ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება. მანამდე ღარიბაშვილმა ფაქტობრივად პირობა მისცა სი ინ პინს, რომ ჩინური კომპანიები იქნებოდნენ თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტების განმახორციელებლები საქართველოში. როცა ანაკლიის პორტზე ტენდერი გამოცხადდა, მის პირობებშიც გამოჩნდა, რომ აქეთ მიდიოდა საქართველოს მთავრობა, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ დაიწერა პირობები. შემდეგ იყო გრძელი პროცესი, რაც მოსალოდნელზე დიდხანს გაგრძელდა.

მე მჯერა, რომ გასულ წელს გამარჯვებული არ გამოცხადდა, იმიტომ რომ მთავრობამ ანგარიში გაუწია ევროკავშირის და აშშ-ის გზავნილებს კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. მას შემდეგ, რაც კანდიდატის სტატუსი მიიღო ქვეყანამ, „ქართულმა ოცნებამ“ ჩათვალა, რომ ეს გვერდი უკვე ჩახურულია და გააგრძელა ცხოვრება კიდევ უფრო დრამატულ რეჟიმში. შედეგად, მოვედით აქამდე, რომ ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიულ ობიექტი აღმოჩნდა ჩინეთის სახელმწიფოს ხელში. ჩინეთში მსგავსი კომპანიები კერძოები არ არიან და ისინი ზუსტად ისე, როგორც საბჭოთა კავშირში სახელმწიფო საწაროები არსებობდა, ზუსტად ასე არიან მოწყობილი. ამ საწარმოების მენეჯმენტი პირდაპირ სახელმწიფოს მხრიდან ინიშნება და ასევე კომუნისტური პარტია იღებს გადაწყვეტილებას, თუ სად, რომელ პროექტში უნდა ჩაერთოს ესა თუ ის კომპანია“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება ერთადერთი საქართველოში, რომელსაც შეუძლია დიდი სამხედრო გემების მიღება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„რაც შეეხება [CCCC]კომპანიას, გარდა იმისა, რომ ამ კომპანიის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რამდენიმე ქვეყანას ეროვნულ დონეზე სანქციების ქვეშ ჰყავს, გვაქვს საარბიტრაჟო დავები ბევრი სახელწმიფოს მხრიდან, მეორეს მხრივ, მათ ბევრი პროექტი განუხორციელებიათ, თუმცა იქაც, სადაც განუხორციელებიათ, მაგალითად შრი ლანკაში, შეიქმნა პრობლემა. შრი ლანკის უდიდესი პორტი ახლა არის ჩინეთის სახალხო არმიის ბაზა. ჩინეთი ამ პორტს იყენებს თავისი უსაფრთხოების ამოცანებისთვის სამხრეთის ზღვაში.

პრობლემები, რომელიც ამ კომპანიას უკავშირდება, არის ძალიან დიდი. ნებისმიერი მსგავსი ტიპის ობიექტს უყურებს, როგორც მისი სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტის ერთ-ერთ ელემენტს და საშუალებას. ასე უყურებდა ჩინეთის პორტსაც და როგორც კი საჭიროება დაუდგა, შეიარაღებული ძალები მაშინვე დააყენა მისი ოპერირების ქვეშ მყოფ პორტში, რამაც დიდი პრობლემების ქვეშ დააყენა თავად შრი-ლანკა და უზარმაზარი დავა მიმდინარეობს მათ შორის. საერთოდ არ არის გამორიცხული, საქართველოშიც ამ პრობლემბის წინაშე აღმოვჩნდეთ. მთელი ეს 49/51%-ის საკითხი, რითაც ცდილობს ხელისუფლება, დაამშვიდოს ხალხი, არ არის არგუმენტი, რადგან საქართველოს მთავრობას არ აქვს ფული, მათ მოუწევთ ვალის აღება. დღევანდელ ვითარებაში საქართველოს დასავლეთში ძალიან გაუჭირდება ფულის მოძიება, მით უმეტეს ისეთი ობიექტისთვის, რომელსაც ასეთი რეპუტაციაშელახული კომპანიები აშენებენ. ამიტომ მათ მოუწევთ ფულის სესხება ჩინური ბანკებისგან და ჩვეულებრივი სქემა იქნება, სამუშაოებს ჩინური კომპანია განახორციელებს, ფულიც ჩინური იქნება, სახელმწიფო არის ღარიბი, ვერ ახერხებს ფულის დროულად გადახდას და ამასობაში, ჩინეთის სახელმწიფოს მიაქვს თანდათანობით მისი ინტერესებისთვის ის ქონება, თუ ნარჩენი ინტერესები, რაც სახელმწიფოს სხვანაირად ჰქონდა განსაზღვრული“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

მისი თქმით, სწორედ ასე მოხდა ძალიან ბევრ ქვეყანაში, სადაც ზუსტად ამ სქემით მუშაობდა ჩინეთის ხელისუფლება და ამას „ჩინეთის ფულის მახეც“ კი დაარქვეს.

„არ არსებობს გარანტია ხელისუფლების მხრიდან, რომ ამ სქემით არ წარიმართოს ვითარება ანაკლიაში“, - თქვა თინა ხიდაშელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები