„ჩინეთთან სტრატეგიული შეთანხმების გაფორმება კიდევ უფრო მეტად შეგვიმცირებს ევროკავშირთან საგარეო პოლიტიკის თავსებადობის მაჩვენებელს“ – ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა „ანალიტიკა“–ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ეს მაჩვენებელი საქართველოს ყოველწლიურად უარესდება და დღეს 43%–მდეა შემცირებული. „ეს დღეს პრესკონფერენციაზეც ითქვა და პრემიერმაც დაადასტურა, რომ 43%–ია. პრემიერს თავისი ახსნა ჰქონდა, მაგრამ ამ ახსნის მიუხედავად, ეს მაჩვენებელი მაინც ძალიან დაბალია“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
ასოცირების შეთანხმების განხორციელების შესახებ ევროკომისიის გასული წლის ანგარიშის იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ეხება, საქართველოს მიერ ევროკავშირის დეკლარაციებსა და საბჭოს გადაწყვეტილებებთან მიერთების მაჩვენებელი იყო 2020 წელს 62% იყო.
2021 წელს 53%–მდე შემცირდა, შემდეგ კი — კიდევ უფრო დაიწია.
„ეს ანალიზი გაკეთდა მანამ, სანამ ე.წ. სტრატეგიული შეთანხმება შედგებოდა ჩინეთთან, რაც ამ პროცენტის [43%] კიდევ უფრო კლებას გამოიწვევს და თავისთავად, რაც უფრო აცდება საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და თავსებადობა ნაკლები იქნება – ეს მით უფრო მეტად პრობლემური იქნება ამ ეტაპზე,“ – ამბობს თინა ხიდაშელი „ანალიტიკა“–სთან.
„სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ აქ მთავარია პასუხი გავცეთ 2 შეკითხვას – რატომ გახდა საჭირო ახლა სწორედ 2023 წლის ივლისში ამ შეთანხმების ხელმოწერა მაშინ, როდესაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება – სხვა ყველაფერი რასაც საერთაშორისო ურთიერთობებში საგარეო ფლანგზე საქართველო აკეთებს, სწორედ ამ ამოცანის შესრულებას უნდა ემსახურებოდეს? და პირიქით – ამის ნაცვლად რატომ ვიღებთ ქმედებას, რომელიც ევროკავშირს გვაშორებს, ინტეგრაციის ხარისხს გვიკარგავს და გვიდაბლებს მასთან ურთიერთობაში?
„ამ კითხვებზე პასუხს როგორც კი გავცემთ – უცებ დავინახავთ კონტურებს, თუ რეალურად რაში დასჭირდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შეთანხმების ახლა, დროის ამ კონკრეტულ მოცემულობაში პედალირება და შემოტანა ქართულ პოლიტიკურ სივრცეში“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, 31 ივლისს, მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელიც ოთხი ნაწილისგან შედგება: პოლიტიკური განზომილება, ეკონომიკური განზომილება, ხალხთაშორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება და საერთაშორისო განზომილება.