ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი თვლის, რომ ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს პროექტის განხორციელებას. ამის შესახებ მან „ანალიტიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე ჰქონდა თუ არა მას მოლოდინი, რომ პროექტში ჩინური კომპანია შევიდოდა, ამერიკელი ბიზნესიურისტი, რომელიც პროექტის ყოფილი მმართველი „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ საბჭოს წევრია, თავის დამოკიდებულებას პროექტის განხორციელების პერსპექტივებთან დაკავშირებით, სხვადასხვა პროექტების მაგალითით განმარტავს.
„გრძელი შუალედი არსებობს ტენდერში გამარჯვებასა და პროექტის იმპლემენტაციას შორის. რა თქმა უნდა, შემიძლია აქ მოვიყვანო ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ანაკლიის პორტის ჩვენი მაგალითი. ასევე შემიძლია მოვიყვანო ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მაგალითი, რომელიც კორეულ სახელმწიფო კომპანიას უნდა აეშენებინა, ბევრი წლის წინ და მთავრობამ მათ რამდენჯერმე გადაუვადა საბოლოო ჩაბარების ვადები. ასევე დაემუქრა კომპანიას, რომ მათთან კონტრაქტს გაწყვეტდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობამ გაცილებით მეტი დაგვიანება აიტანა და საბოლოო ვადების გადაწევა მოუწია კორეული კომპანიის და ნენსკრას პროექტის შემთხვევაში, ვიდრე ეს გააკეთა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის პროექტის შემთხვევაში. მაგრამ ჩემი მთავარი აქცენტი აქ ის არის, რომ ტენდერში გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა თედ ჯონასმა.
„ანალიტიკის“ ავტორი ბიზნესიურისტს მას ჩინური CCCC-ის კორუფციულ გარიგებებში შესაძლო მონაწილეობაზეც უსვამს კითხვას, რაზე თედ ჯონასი პასუხობს, რომ ამ კომპანიის არჩევით საქართველოს მთავრობამ ამ პროექტში ამერიკის მონაწილეობა სრულად დაბლოკა.
- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მოყვანილია ის შემთხვევები 2009–2018 წლების შუალედში, სადაც კომპანია შემჩნეული აღმოჩნდა კორუფციულ გარიგებებში…
"და ასევე რაც მე ვიცი, კომპანია ორ სხვადასხვა სიაშია შეყვანილი, სანქციების სიაში – ერთი მას უკრძალავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშენებლო ნაწილების შესყიდვას – ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი კონტრაქტორი ან მომწოდებელი ანაკლიის პროექტს უბრალოდ ვერ ეყოლება იმიტომ, რომ მათ შეერთებული შტატების მთავრობა დასჯის. კიდევ ერთი აკრძალვა მუშაობს ამ კომპანიის მიმართ ამერიკაში, ის ჯერ დონალდ ტრამპმა გამოსცა, ხოლო შემდეგ – მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივა პრეზიდენტმა ბაიდენმაც და რომელიც ნებისმიერ ამერიკელს უკრძალავს ერთობლივ პროექტში ჩართვას ან ჩინურ კომპანიასთან თანაინვესტირებას – ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ამერიკელი ინვესტორი ვერ იქნება ჩართული ამ პროექტში.
ამდენად, ამ კომპანიის არჩევით საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად სრულად დაბლოკა ამერიკის მონაწილეობა ამ პროექტში. ევროკავშირის კომპანიების პრაქტიკაა ასევე, რომ დაემორჩილონ ამ ტიპის სანქციებს და პირიქით. გამოდის – ამ პროექტს შესაძლოა დასავლელი ინვესტორი საერთოდ აღარ ჰყავდეს იმ პირობებში, როცა ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC იქნება მთავარი კონტრაქტორი. ეს იყო ზუსტად ის პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო რუსეთთან – ანაკლიის პროექტში არ იქნებოდა დასავლური მონაწილეობა. რუსეთს შეუძლია არაფრის შეეშინდეს – ანაკლიის პროექტი ჩინური პროექტი ხდება, ხოლო ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან”, - აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს წევრი.
თედ ჯონასი გამოცხადებულ ტენდერის მიმდინარეობისას პროცესების გაუმჭვირვალობაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ კითხვებს სვამს.
„მეორე მომენტი, რომელზედაც რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას და რაც მე შევამჩნიე ის არის, რომ სატენდერო წინადადება, როგორც ის იყო გამოქვეყნებული 2023 წელს, ამბობდა, რომ სახელმწიფო კომპანიებს არ ექნებოდათ ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა. არცერთ კომპანიას, რომლის 30%–ზე მეტის მფლობელი სახელმწიფო იქნებოდა, ვერ უნდა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ჩინურ CCCC–ში სახელმწიფო 70%–ის მფლობელია, 30% საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. China Harbor კი, რომელიც მინორიტარი მეწილეა – 100%–ით სახელმწიფო კომპანიაა. ირაკლი კობახიძე ტრაბახობს, რომ ეს კომპანიები, ჩინური კომპანიები სახელმწიფო კომპანიები არიან – ტენდერის პირობები კრძალავდა ასეთი ტიპის კომპანიების პროექტში მონაწილეობას. მაშინ – როგორ იმარჯვებს სახელმწიფო კომპანია? ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ტენდერის ვადები რამდენჯერმე გახანგრძლივდა, რადგან პროექტში სათანადო ინტერესი არ იყო, მაგრამ ვერსად ნახავთ საჯარო ინფორმაციას, რომ ტენდერის პირობები განახლდა და შეიცვალა.
კიდევ ერთხელ – პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. ირონიულია, რომ ეს მთავრობა ბრალს სდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ამ ქვეყნის მოკავშირეებს გაუმჭვირვალობაში მაშინ, როცა გაუმჭვირვალობა ერთადერთი ხელწერაა, როგორც ისინი საქმიანობენ. ამდენად – როგორ მოხდა, რომ ტენდერში სხვა პირობაა, ხოლო გამარჯვებული ხდება კომპანია, რომელიც ამ პირობას არღვევს? ისინი თავად არღვევენ საკუთარი ტენდერის პირობებს. ამ კითხვაზე ფურცელს აგვიფრიალებენ და გვეტყვიან, რომ აი, რაღაც შეცვალეს, მაგრამ მაშინ – რატომ არ მოხდა ამის სათანადო კომუნიკაცია, რატომ არ გახდა ეს საჯარო?“ - აცხადებს ჯონასი.
საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 29 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საუკეთესო და ერთადერთი საინვესტიციო განაცხადის ავტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი დაასახელა, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CCCC ხელმძღვანელობს.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო პორტის ინვესტორის შესახებ აქვეყნებს მიმოხილვას, რომლის თანახმადაც CCCC მსოფლიოს მასშტაბით კორუფციისა და საეჭვო ფინანსური ოპერაციების არაერთ გახმაურებულ შემთხვევაში იყო ჩართული.