მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანქციების თავიდან არიდება [ანაკლიის პროექტის] ბიზნესგეგმის ნაწილია“ – ინტერვიუ თედ ჯონასთან

ბიზნესიურისტი

საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 29 მაისს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შესარჩევ კონკურსში საუკეთესო და ერთადერთი საინვესტიციო განაცხადის ავტორად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი დაასახელა, რომელსაც ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი CCCC ხელმძღვანელობს. კვლევების მიხედვით, (უახლესი TI საქართველოს ეკუთვნის), CCCC მსოფლიოს მასშტაბით კორუფციისა და საეჭვო ფინანსური ოპერაციების არაერთ გახმაურებულ შემთხვევაში იყო ჩართული.საქართველოს მთავრობამ 2020 წლის დასაწყისში გამოაცხადა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას წყვეტდა. მთავრობის მტკიცებით, კონსორციუმმა ვერ შეასრულა საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კონსორციუმი, პირიქით, სტრატეგიული პროექტის მიზანმიმართულად ჩაშლაში საქართველოს მთავრობას ადანაშაულებს.„ანალიტიკა“ ანაკლიის პორტის მომავალზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, ბიზნესიურისტ თედ ჯონასს ესაუბრა.

- როგორც ჩანს, ანაკლიის პროექტის ტენდერში იმარჯვებს ჩინური სახელმწიფო კომპანია. ის იქნება 49%–იანი წილის მფლობელი. გქონდათ რაიმე მოლოდინი, რომ საბოლოოდ ჩინურ კომპანიას ვიხილავდით ამ პროექტში?

გრძელი შუალედი არსებობს ტენდერში გამარჯვებასა და პროექტის იმპლემენტაციას შორის. რა თქმა უნდა, შემიძლია აქ მოვიყვანო "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" და ანაკლიის პორტის ჩვენი მაგალითი. ასევე შემიძლია მოვიყვანო ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მაგალითი, რომელიც კორეულ სახელმწიფო კომპანიას უნდა აეშენებინა, ბევრი წლის წინ და მთავრობამ მათ რამდენჯერმე გადაუვადა საბოლოო ჩაბარების ვადები. ასევე დაემუქრა კომპანიას, რომ მათთან კონტრაქტს გაწყვეტდა. ისიც უნდა აღვნიშნო, რომ მთავრობამ გაცილებით მეტი დაგვიანება აიტანა და საბოლოო ვადების გადაწევა მოუწია კორეული კომპანიის და ნენსკრას პროექტის შემთხვევაში, ვიდრე ეს გააკეთა ანაკლიის განვითარების კონსორციუმის და ანაკლიის პროექტის შემთხვევაში. მაგრამ ჩემი მთავარი აქცენტი აქ ის არის, რომ ტენდერში გამარჯვება ჯერ კიდევ არ ნიშნავს პროექტის განხორციელებას.

- საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, სადაც მოყვანილია ის შემთხვევები 2009–2018 წლების შუალედში, სადაც კომპანია შემჩნეული აღმოჩნდა კორუფციულ გარიგებებში.

და ასევე რაც მე ვიცი, კომპანია ორ სხვადასხვა სიაშია შეყვანილი, სანქციების სიაში – ერთი მას უკრძალავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშენებლო ნაწილების შესყიდვას – ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი კონტრაქტორი ან მომწოდებელი ანაკლიის პროექტს უბრალოდ ვერ ეყოლება იმიტომ, რომ მათ შეერთებული შტატების მთავრობა დასჯის. კიდევ ერთი აკრძალვა მუშაობს ამ კომპანიის მიმართ ამერიკაში, ის ჯერ დონალდ ტრამპმა გამოსცა, ხოლო შემდეგ – მისი მოქმედების ვადა გაახანგრძლივა პრეზიდენტმა ბაიდენმაც და რომელიც ნებისმიერ ამერიკელს უკრძალავს ერთობლივ პროექტში ჩართვას ან ჩინურ კომპანიასთან თანაინვესტირებას – ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ამერიკელი ინვესტორი ვერ იქნება ჩართული ამ პროექტში. ამდენად, ამ კომპანიის არჩევით საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად, სრულად დაბლოკა ამერიკის მონაწილეობა ამ პროექტში. ევროკავშირის კომპანიების პრაქტიკაა ასევე, რომ დაემორჩილონ ამ ტიპის სანქციებს და პირიქით. გამოდის – ამ პროექტს შესაძლოა დასავლელი ინვესტორი საერთოდ აღარ ჰყავდეს იმ პირობებში, როცა ჩინური სახელმწიფო კომპანია CCCC იქნება მთავარი კონტრაქტორი. ეს იყო ზუსტად ის პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო რუსეთთან – ანაკლიის პროექტში არ იქნებოდა დასავლური მონაწილეობა. რუსეთს შეუძლია არაფრის შეეშინდეს – ანაკლიის პროექტი ჩინური პროექტი ხდება, ხოლო ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან. მეორე მომენტი, რომელზედაც რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას და რაც მე შევამჩნიე ის არის, რომ სატენდერო წინადადება, როგორც ის იყო გამოქვეყნებული 2023 წელს, ამბობდა, რომ სახელმწიფო კომპანიებს არ ექნებოდათ ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა. არცერთ კომპანიას, რომლის 30%–ზე მეტის მფლობელი სახელმწიფო იქნებოდა, ვერ უნდა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ჩინურ CCCC–ში სახელმწიფო 70%–ის მფლობელია, 30% საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. China Harbour-ი კი, რომელიც მინორიტარი მეწილეა – 100%–ით სახელმწიფო კომპანიაა. ირაკლი კობახიძე ტრაბახობს, რომ ეს კომპანიები, ჩინური კომპანიები სახელმწიფო კომპანიები არიან – ტენდერის პირობები კრძალავდ ასეთი ტიპის კომპანიების პროექტში მონაწილეობას. მაშინ – როგორ იმარჯვებს სახელმწიფო კომპანია? ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ტენდერის ვადები რამდენჯერმე გახანგრძლივდა, რადგან პროექტში სათანადო ინტერესი არ იყო, მაგრამ ვერსად ნახავთ საჯარო ინფორმაციას, რომ ტენდერის პირობები განახლდა და შეიცვალა. კიდევ ერთხელ – პროცესი სრულიად გაუმჭვირვალეა. ირონიულია, რომ ეს მთავრობა ბრალს სდებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირს, ამ ქვეყნის მოკავშირეებს გაუმჭვირვალობაში მაშინ, როცა გაუმჭვირვალობა ერთადერთი ხელწერაა, როგორც ისინი საქმიანობენ. ამდენად – როგორ მოხდა, რომ ტენდერში სხვა პირობაა, ხოლო გამარჯვებული ხდება კომპანია, რომელიც ამ პირობას არღვევს? ისინი თავად არღვევენ საკუთარი ტენდერის პირობებს. ამ კითხვაზე ფურცელს აგვიფრიალებენ და გვეტყვიან, რომ აი, რაღაც შეცვალეს, მაგრამ მაშინ – რატომ არ მოხდა ამის სათანადო კომუნიკაცია, რატომ არ გახდა ეს საჯარო?

- გამჭვირვალობა ამ პროექტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს? მიგაჩნიათ, თუ არა, რომ ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან ურთიერთობისას ყველა დეტალი უნდა იყოს გამჭვირვალე და როგორ ფიქრობთ, შესაძლოა მთავრობის მხრიდან ეს გადაწყვეტილება – ჩინურმა სახელმწიფო კომპანიამ ააშენოს ანაკლიის პორტი – უფრო დიდი თავსატეხის ნაწილი იყოს – აქ ვგულისხმობ რუსულ კანონს, კანონს ოფშორების შესახებ ..

დიახ. აუცილებლად. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, გეოპოლიტიკური გარემო შეიცვალა. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ნოვოროსიისკის პორტი პრაქტიკულად დაიხურა – ტვირთები, რომლებსაც ეს პორტი ატარებდა მნიშვნელოვნად შემცირდა. ნოვოროსიისკი იყო ძირითადი კარიბჭე ცენტრალური აზია–შავი ზღვის ვაჭრობისთვის. რადგან ფოთის პორტი არ არის სათანადოდ დიდი და ღრმა მაშინ, როცა რუსებმა გააღრმავეს ნოვოროსიისკის პორტი. დღეს ვითარება შეცვლილია – გადამზიდავი კომპანიების უდიდესი ნაწილი არ ირჩევს ნოვორისიისკს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინელებმა 2–3 გემი ძალიან წარმატებულად ჩაძირეს ნოვოროსიისკის ნავსადგურში – ასე რომ ეს პორტი დღეს პრაქტიკულად დაკეტილია. ცენტრალური აზიის ქვეყნებს აღარ აქვთ იმპორტის მიღების და ექსპორტის წარმოების შესაძლებლობა დასავლეთთან. ამდენად – ცენტრალური აზიის ქვეყნები – და ეს ახალ ამბებშიც იყო მოხვედრილი ბოლო ორი წლის განმავლობაში – ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, კავკასიის ქვეყნები საქართველოს ლობირებდნენ, ჩამოდიოდნენ საქართველოში და ცდილობდნენ საქართველოს მთავრობა დაერწმუნებინათ, რომ დაეწყო ანაკლიის პროექტი – იმისთვის, რომ ჩიხური ვითარება თავიანთ ვაჭრობაში გახსნილიყო. ვფიქრობ, რომ ეს სამი ქვეყანა – ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი – ლობირებდნენ რუსეთსაც – დაიხიე უკან და საქართველომ გააკეთოს ეს პროექტი. ამ ეტაპზე, უკვე რუსებსაც უჩნდებათ ინტერესი, რომ ანაკლიის პორტი ამუშავდეს, რადგან ნოვოროსიისკის პორტი პრაქტიკულად დაკეტილი და სანქცირებულია. ამდენად, ანაკლია შეიძლება გახდეს სანქციებისთვის გვერდის ასავლელი პორტი რუსეთისთვის მანამ, სანამ საქართველო არ არის ოფიციალურად შეერთებული სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. დღეს არსებული მიმართულება დასავლეთთან მიმართებით, რაც საქართველოს მთავრობას აქვს აღებული მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მას საერთოდ აღარ ადარდებდეს იმ სანქციების დაცვა, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. რუსული კანონი, ოფშორების კანონი, ძალადობრივი რიტორიკა დასავლეთის მისამართით, ჩინური სახელწმიფო კომპანიის შერჩება ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორად მაშინ, როცა კომპანიაზე სანქციები ვრცელდება – ეს ყველაფერი რუსეთის დარწმუნებაა, რომ ანაკლია თუ აშენდება, ის მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე იქნება ფოკუსირებული. აქვე მოხვდება ცენტრალური აზია და შესაძლოა, ირანიც – პრემიერი იყო ირანში პრეზიდენტის დასაფლავებაზე და დიდი შოუც დადგეს საქართველო–ირანის ურთიერთობების ირგვლივ. სანქციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ირანიც ანაკლიის პორტის სავაჭრო ზონაშია და ისიც – რუსეთის მოკავშირეა.

- ეკონომიკური თვალსაზრისით მაინც თუ იკვეთება შესაძლებლობები საქართველოსთვის – თქვენვე აღნიშნეთ, რომ პორტზე მოთხოვნა არის და ამ ნაწილში, ჩინეთიც ალბათ, როგორც დაინტერესებული ინვესტორი – ასე უნდა განვიხილოთ ..

აქ იმას ვიტყვი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროექტის განხორციელებას გეგმავდა დასავლური ინვესტიციებით. "მერსედეს ბენცი" რომ აიღოთ და შეადაროთ, ჩინურ ინვესტიციებს – ჟიგულს. ეს იქნება ეკონომიკური ეფექტი პროექტის. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტს ჰყავდა 4 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, როგორც ინვესტორი – EBRD, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინდუსტრიული განვითარების ბანკი, ოპეკი – 50 მილიონი დოლარის გარანტია ჰქონდა ევროკავშირისგან – ჰყავდა ჰოლანდიელი, ამერიკელი, ქართველი, ბულგარელი ინვესტორები – პორტის ოპერატორი SSA Marine – სიეტლიდან, სამშენებლო კომპანია – ფრანგული. ამას გარდა, ჰქონდა გეგმა – 400 ჰექტარზე სპეციალური ინდუსტრიული ზონის აწყობის. ეს ქონება ჩვენი საკუთრებაა. ADC-ია ამ ქონების მფლობელი. ეს ქონება არ არის საქართველოს მთავრობის საკუთრება. ამდენად – პროექტი, რომელსაც მთავრობა ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან ერთად გეგმავს – სპეციალური ინდუსტრიული ზონის გარეშეა. დასავლური ინვესტიციები, დასავლური საფინანსო ინსტიტუტები – ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, მკაფიო წესებს ადგილობრივების დასაქმებასთან დაკავშირებით, სპეციალური ინდუსტრიული ზონა. ჩინეთის შემთხვევაში – და ამ კონკრეტულად ამ კომპანიაზე შემიძლია გამოგიგზავნოთ ძალიან ბევრი სტატია და ინფორმაცია – მათ აქვთ გრძელი ისტორია, რომ საკუთარ პროექტებში შემოჰყავთ საკუთარი მუშა–ხელი, არ ასაქმებენ ადგილობრივებს – შემოჰყავთ არა მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე, არამედ, რიგითი მუშებიც კი ჩინელები არიან. სხვათა შორის, ამაზე დაკვირვება არის შესაძლებელი უკვე დღეს – გზების პროექტების შემთხვევაში. ძალიან ცოტა ქართველს ასაქმებენ. არ ექნებათ სპეციალური ინდუსტრიული ზონა. მათზე ვრცელდება ამერიკის სანქციები. რა თქმა უნდა, საქართველო გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს ამ პორტიდან, თუ მას ჩინელები მართლაც ააშენებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნება რა ტიპის ეკონომიკური სარგებელიც შეეძლო მიეღო საქართველოს, ტენდერი რომ იმ პირობებით განხორციელებულიყო, რა პირობებსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. მე იმასაც კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ ეიდისი შეძლებდა დასავლური პროექტის განხორციელებას, ტენდერში რომ სწორი პირობები ყოფილიყო ჩადებული, ამ პროექტს დიდი დასავლური პორტის ოპერატორებიც შეეჭიდებოდნენ. ამ პროექტის წინა ჩარჩო – რომელიც ქართულმა ოცნებამ თავად შეიმუშავა – 2014–2018 წლებში – სრულად დასავლეთზე ორიენტირებული გამჭვირვალე ეკონომიკური განვითარების პროექტი იყო. შემდეგ ბიძინამ მიიღო ინსტრუქციები რუსეთისგან, იეჭვიანა მამუკა ხაზარაძეზე და მოკლა ანაკლიის პროექტი. მივიღებთ ძალიან შეზღუდულ და კორუფციით გაჯერებულ ეკონომიკურ განვითარებას, ჩინური კომპანიით, რომელსაც ამერიკის სანქციები ადევს. თანაც იმ პირობებში, როდესაც თავისივე ტენდერის პირობებს არღვევენ იმით, რომ კერძო კომპანიების ნაცვლად, სახელმწიფო კომპანიას აბარებენ პროექტს.

- რამდენიმე მნიშვნელოვანი აქცენტი მოხვდა ჩემს ყურს და მინდა, უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ ეს საკითხები. პირველი – პროექტის კომერციულ მიმზიდველობას უკავშირდება. მიგაჩნიათ, რომ დღეს უფრო მიმზიდველია ეს პროექტი? და რა განსაზღვრავს ამ მიმზიდველობას – ტენდერის პირობები თუ ისევ და ისევ გეოპოლიტიკური ძვრები – შუა დერეფნის მომენტუმი, თუნდაც?

პირველ რიგში, აქ ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეიდისიმა–ც და მთავრობამაც თავის დროზე რამდენიმე კვლევა ჩაატარეს, რომელიც ზომავდა ამ პროექტის ეკონომიკურ მიმზიდველობას. ეს მოხდა მანამდე, სანამ უკრაინაში ომი დამძიმდებოდა 2022 წელს. ყველა ეს კვლევა აჩვენებდა, რომ ანაკლიის პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი იყო. სხვათა შორის, აქ ისიც ხაზგასასმელია, რომ ანაკლიის პროექტი არასდროს ყოფილა გათვლილი ჩინურ ტვირთებზე – გათვლილი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაზე და ასევე – ლეგალურ ვაჭრობაზე რუსეთთან. დღესაც ასეთი ლეგალური ტვირთები მოძრაობენ რუსეთიდან და რუსეთისკენ. ანაკლიას ბიზნესგეგმა არასდროს ყოფილა ჩინურ ვაჭრობაზე გათვლილი. ჩინეთი საკმაოდ შორსაა და კავშირები ცენტრალურ აზიასა და ჩინეთს შორის – მიუხედავად იმისა, რომ რუკაზე ერთმანეთთან ახლოს არიან – ინფრასტრუქტურული დაკავშირებადობა არც ისე კარგია. ამდენად არ არის იმდენად დიდი სავაჭრო ნაკადი, რომელსაც დასავლური მარშრუტი ატარებს. ცენტრალური აზიის და კავკასიის – პირიქით. ამდენად უკრაინის ომამდეც კი – პროექტი ეკონომიკურად მიმზიდველი იყო. ეს იცოდა მთავრობამ. ვიცოდით ჩვენც. 2022 წლის ომის შემდეგ, ეს მიმზიდველობა მხოლოდ გაიზარდა. ამაზე მიუთითებდა სწორედ ყაზახეთის, უზბეკეთის და აზერბაიჯანის ლობირება, რომ პროექტი დაწყებულიყო. რა თქმა უნდა, არსებობს ალტერნატივა – თუმცა, ეს კარგი ალტერნატივა არ არის – ფოთის გაღრმავება. ამ ქვეყნებს სჭირდებათ თუნდაც რაიმე დანახვა საქართველოს მხარეს, რაც გაზრდის მის შესაძლებლობას, გაატაროს უფრო მეტი ტვირთი. აქ კიდევ ერთი რამ უნდა აღვნიშნო – საქართველოს მთავრობა ჩვენ გამუდმებით გვაკრიტიკებდა იმ ნაწილში, რომ სულელები ვიყავით ამ პროექტს რომ ხელი მოვკიდეთ, რადგან ფოთის პორტის განვითარებას ყოველთვის შეეძლო ჩვენთვის მდგრადობის პრობლემა შეექმნა. ფოთს რეალურად ისეთივე დიდი ინვესტიცია სჭირდება, როგორც ანაკლიას იმისთვის, რომ ღრმაწყლოვანი პორტი გახდეს. მთავრობისგან სულ გვესმოდა, რომ სულელები ვიყავით ამ პროექტს რომ დავთანხმდით, რადგან თუ ფოთი გაფართოვდებოდა, ჩვენ საკმარისი ტვირთი აღარ დაგვრჩებოდა. დღეს კიდევ უკეთ ჩანს, რა ფარისევლებიც არიან. დღეს იწყენებ ანაკლიის პროექტს ისე, რომ არავინ იცის, რა სურს სინამდვილეში ეიპიემ ტერმინალსს. თუ ის ისევ დაიმუქრება, რომ გაფართოება სურს – მაშინ რა მოხდება? ანაკლიისთვის საკმარისი ტვირთი აღარ დარჩება? მთავრობას ეს პრობლემა არ გადაუჭრია – იქნება თუ არა ფოთის პორტი ანაკლიის კონკურენტი. ეიპიემ ტერმინალში კი კერძო კომპანიაა, რომელიც საკუთარი მოგების დაცვას ცდილობს. მას არ აინტერესებს, საქართველოს, როგორც ასეთის, მოგება. ეს კომპანია, ყოველთვის, როცა რაიმე ტიპის წინსვლა შეიმჩნევა ხოლმე ანაკლიასთან მიმართებით, იმუქრება, რომ გააფართოებს ფოთის პორტს. ამას არასდროს აკეთებენ, მაგრამ იმიტომ იმუქრებიან, რომ ხელი შეუშალონ ანაკლიის პროექტის წინსვლას. საქართველოს მთავრობას ეს პრობლემა ჯერაც არ გადაუჭრია. ამას დასჭირდება ხელშეკრულება ეიპიემ ტერმინალსთან ბაზრის გაყოფასთან დაკავშირებით – ფოთსა და ანაკლიას შორის. მაგალითად, ნაყარი ტვირთი ფოთისთვის, კონტეინერები – ანაკლიისთვის. ასე შეიძლება მათი თანაარსებობა. როცა ჩვენ ეს გეგმა ნათია თურნავას გავაცანით, მან დაგვიდასტურა, რომ ეს იყო რაციონალური გეგმა. თუმცა, სამწუხაროდ, 2021 წელს საქართველოს მთავრობამ მას შემდგომი მოლაპარაკებები აუკრძალა.

- კითხვა, რომელიც ანაკლიის პროექტში ჩინელი ინვესტორების გამოჩენას მოჰყვა ასეთია – და ხშირად მესმის ეს შეკითხვა ჩემ გარშემო – ჩინელებს აქვთ ამ პროექტში ინტერესი, ამერიკელებს ეს ინტერესი არ ჰქონდათ, ამერიკელებს შეეძლოთ ამ პორტის აშენება ამის რეალური სურვილი რომ ჰქონოდათ – რა პასუხი გაქვთ?

აქ გარკვეული სიმართლეა. ევროპული ინტერესი ანაკლიის პორტში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკული. ევროპული მონაწილეობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში უფრო დიდი იყო, ვიდრე ამერიკული. ამერიკის ჩართულობა გულისხმობდა კონტის, ამერიკულ კომპანიას, როგორც ინვესტორს – არ მაქვს უფლება დეტალები ვთქვა, მაგრამ მათ მოახდინეს გარკვეული თანხის ინვესტირება; სხვათა შორის, კონტი ჯერ კიდევ ფლობს წილს ანაკლიის პროექტში – მიუხედავად იმისა, რომ კონტიმ თქვა, რომ აპირებდა გასვლას, 2019 წელს, როცა ამდენი დავიდარაბა გამოიარა საქართველოს მთავრობასთან, თუმცა, ამ დრომდე მათ არ გაუყიდიათ თავიანთი წილი, ჩვენც არ მოგვცეს უფლება, გამოგვესყიდა მათი წილი, ამდენად – კონტი, ამერიკული კომპანია, ჯერ კიდევ ADC–ში წილის მფლობელია. იყო კიდევ "ესესეი მარინი" – პორტის ოპერატორი, 18 მილიონი დოლარის ინვესტიციით და ყოფილი ოპეკი, დღეს ოდიეი, 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით. ამერიკული მხარე საკმაოდ სოლიდურად იყო წარმოდგენილი კონსორციუმში. თუმცა, EBRD იყო ყველაზე დიდი მსესხებელი 4 საფინანსო ინსტიტუტს შორის. ევროკავშირს იმდენად სურდა ამ პროექტის ხილვა, რომ როცა ბანკებმა თქვეს, რომ არ ვართ დარწმუნებულები რამდენად იქნება საკმარისი ტვირთი, გარანტია გვჭირდება სახელმწიფოსგან და ა.შ. – ევროკავშირმა თქვა, ჩვენ გამოყოფთ 50 მილიონს. ეს წარმოუდგენელი შეთავაზება იყო და საჭირო იყო, რომ საქართველოს მთავრობასაც გამოეყო თანხა და ამაზე საქართველოს მთავრობამ უარი თქვა. ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორ არ დაუშვა საქართველოს მთავრობამ ამ პროექტის დასავლური ინვესტიციებით განხორციელება. ანაკლიის პორტში ევროპული ინტერესი ისეთივე მაღალია, როგორც ჩინური. ევროპული ინტერესი უბრალოდ შუა დერეფნის დასავლური ბოლოა – ჩინური კი – აღმოსავლური. ევროპა თანაბრად არის დაინტერესებული ამ პროექტში. ამერიკის ინტერესი ამ პროექტში ცალსახად სტრატეგიული თვალსაზრისით არის განპირობებული. ამერიკული ვაჭრობა საკმაოდ შორსაა შავი ზღვის ვაჭრობისგან. ელენე, შენც ამდენი წელია უკვე ბიზნესს უყურებ და იცი, რომ ევროპული კერძო ბიზნესი საქართველოში უფრო მნიშვნელოვნად არის წარმოდგენილი, ვიდრე ამერიკული კერძო ბიზნესი. მიუხედავად იმისა, რომ თუ სამთავრობო დახმარებას და მხარდაჭერას შევხედავთ, აქ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი თანაბრად არიან წარმოდგენილები.

- თქვენ ახსენეთ სპეციალური ინდუსტრიული ზონა, რომელსაც დღეს ADC-ი ფლობს – როგორ ფიქრობთ, უნდა ველოდოთ რაიმე ტიპის გარიგებას ADC-ისა და საქართველოს მთავრობას შორის ან ჩინურ კომპანიას შორის?

რა თქმა უნდა. ლოგიკურია, არა? მაგრამ – ბადრი ჯაფარიძეს და მამუკა ხაზარაძეს ყოველთვის ორი ქუდი ეხურათ. ერთი – ისინი ბიზნესის წარმომადგენლები არიან და შეიძლება გაიაზრონ მიმზიდველი გარიგების მნიშვნელობა, მაგრამ მეორეა – რომ მათ ესმით ის პასუხისმგებლობა, რაც საქართველოს დასავლურ კურსს უკავშირდება. ისინი ასე იქცევიან, რაც მათ ვიცნობ, 90–იანი წლებიდან მოყოლებული. სპეციალური ინდუსტრიული ზონის მფლობელები არიან. დიდი ფული შეიძლება გააკეთონ, თუკი მას ჩინელებს მიჰყიდიან. ან თუ არბიტრაჟს მოვიგებთ და როგორც იცი, პროცედურები უკვე გავლილი და დასრულებულია, გადაწყვეტილებას ველოდებით, ახლა არ ვიცი, მოვიგებთ თუ არა, ძალიან რთული ქეისია ორივე მხრიდან – ზუსტად ამიტომ გაგრძელდა ამდენ ხანს, რომ ძალიან რთული და კომპლექსური საქმეა – მაგრამ თუ მოვიგებთ, ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა ფული, ქეში საქართველოს მთავრობისგან, არ გვინდა, ფული გამოვართვათ საქართველოს გადასახადის გადამხდელებს, ჩვენ მხოლოდ პროექტში წილი გვსურს – თუ პროექტი დღეს ჩინეთის სახელმწიფო კომპანიის მიერ კონტროლირებული კონსორციუმია და რუსეთში ან ირანში პროდუქციის კონტრაბანდის რისკებს ქმნის, ის აღარ არის დასავლური პროექტი – მე აღარ მგონია, რომ მამუკას ან ბადრის ენდომება ასეთ პროექტში წილი. ცხადია, მათ მაგივრად ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან მათ ეს არ უნდა უნდოდეთ. ასევე ვერ ვხედავ, რომ მათ უნდოდეთ ამ კონსორციუმს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა მიჰყიდონ. იმის მიუხედავად, რომ დიდ ფულს გააკეთებდნენ, ასე რომ მოქცეულიყვნენ.

- ამ გარიგებს უყურებთ თუ არა როგორც სიგნალს, რომ საქართველო დაშორდება დასავლეთს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც? და რამდენად ადვილი იქნება ეს – იმიტომ, რომ ბიზნესს საქართველოში გეზი ყოველთვის ჰქონდა აღებული დასავლეთისკენ, ევროპისკენ, რადგან იცოდა, რომ ქვეყანაც აქეთკენ მიდის – აი, საფინანსო სექტორსაც რომ შევხედოთ, თუნდაც. რამდენად არის ეს შესაძლებელი?

ქართული ოცნება საქართველოს მთელ ეკონომიკას თავდაყირა აყენებს. გზების მთელი ინფრასტრუქტურა, დიდი ნაწილი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, სოციალური დაცვის პროგრამები, განათლების პროგრამები – ეს ყველაფერი დასავლეთიდან მოდის. გუშინ მეგობარი აქტის მოსმენაზე შევნიშნე, რომ სამი საუკეთესო მოწმე იყო და ყველა ეროვნული უსაფრთხოების კუთხით – როცა კონგრესის ერთ–ერთმა წევრმა თქვა, რა გავლენა ექნება საქართველოზე დასავლური მხარდაჭერის დაკარგვას – მათ ახსენეს ჯარი, რაც ნამდვილად ასეა, მათ ნაწილობრივ ახსენეს არასამთავრობო სექტორი, მაგრამ ეს არ არის უდიდესი ნაწილი – უდიდესი ნაწილია გზები, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, სკოლები. ამერიკა, ევროკავშირი, დასავლური საფინანსო ინსტიტუტები – ძალიან ბევრს ხარჯავენ და ხარჯავდნენ, მათ შორის, სააკაშვილის დროსაც, საქართველოს ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის. ამას ხაზი უნდა გაესვას. სააკაშვილის დროსაც, თუ რამე აშენდა საქართველოში, დასავლური ფულით აშენდა. ამდენად, ქვეყნის ცხოვრების სტანდარტი – ეფუძნება დასავლურ ინვესტიციებს, დასავლურ ინფრასტრუქტურას და ფულს. ასეთს ვერაფერს ნახავთ ჩინეთის შემთხვევაში. და რა თქმა უდა – რუსეთისგან. ჩინელები არასდროს უჭერენ მხარს ზოგად სოციალურ დაცვას ან საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩინელები ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ არ უნდათ. და რუსები არ აკეთებენ, იმიტომ რომ ფული არ აქვთ. ცნობილია ჩინური კომპანიების ქცევის შესახებ აფრიკაში, ბალკანეთში – ყველგან სადაც ინვესტირების საშუალება ჰქონდათ – მიიღეს გაუმჭვირვალობა, იმპორტირებული ჩინური დასაქმება, არა – ადგილობრივების დასაქმება; არაფერს აკეთებენ საზოგადოებისთვის ან ინფრასტრუქტურისთვის; ჩაძირულები არიან კორუფციაში. ეს არის რაც შეიძლება მივიღოთ. ეს კურსი, რასაც საქართველოს მთავრობა ირჩევს – ეკონომიკური კატასტროფის ტოლფასია საქართველოსთვის. ჯერ ერთი – დასავლეთის მხარდაჭერის გაუქმება საქართველოსთვის ნიშნავს ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებას; და მეორე – ჩინეთი და რუსეთი არ და ვერ ჩაანაცვლებს ამ დაფინანსებას.

- იცით ეს გამოთქმა – მიჰყევი ფულს. თუ ფულს გავყვებით ანაკლიის პორტის პროექტის შემთხვევაში – საიდან მოვა პორტის ასაშენებელი ფული? და აქ ხომ არ ხედავთ იმ რისკს, რასაც ჩინეთის ვალის მახეს უწოდებენ?

ეს ძალიან კარგი კითხვაა, ელენე. ეს ტენდერი ისეა აწყობილი, რომ 51% ეკუთვნის სახელმწიფოს, 49% – ინვესტორს. ამ ახალი სატენდერო სტრუქტურის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ფლობს 51%–ს. ჩინურ სახელმწიფოს კომპანიას კი – 49%. 51% ნიშნავს – მხოლოდ პირველი ფაზისთვის – და რომლის ღირებულებაცაა 600 მილიონი ამერიკული დოლარი, შეიძლება ოდნავ მეტიც ახლა რადგან პორტის დასრულება 2020 წლისთვის იყოს ნავარაუდევი – მათ მოუწევთ 310 მილიონი ამერიკული დოლარის მოძიება – ნაღდ ფულში და აქტივებში, რომ ჩადოს ამ პროექტში. სად არის ეს 310 მილიონი ამერიკული დოლარი? არ არსებობს. არ არის საპარტნიორო ფონდში, რომელსაც შეუძლია კომერციულად ფულის მოძიება. საპენსიო ფონდის გამოყენებას აპირებენ? სად წავა პენსიები?

- მიწა არ გამოდგება? სარკინიგზო გზის გაკეთება, როგორც ინვესტიცია? ეს არ ჩაითვლება?

პროექტის დიზაინის მიხედვით, მიწის გადაცემა უფასოდ ხდება. და ამ თანხას ვერ დაემატება. დიდი მოთხოვნა, რომელიც მეც და ინვესტორებსაც გვქონდა საქართველოს მთავრობასთან მიმართებით წინა წლებში, რაც საქართველოს მთავრობამ არ გააკეთა, დაახლოებით 250 მილიონი დოლარის ღირებულების ინფრასტრუქტურის გამართვა იყო – ნავსადგურს უკავშირდებოდა და რეალურად, სახელმწიფო ქონების ნაწილი იყო – მისი პრივატიზება არ შეიძლება. ამ ინფრასტრუქტურის მოწყობაზე უარის გამო, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აღმოჩნდა მაშინ ერთადერთი, რომელმაც ყველა რისკი საკუთარ თავზე აიღო, თორემ პირველ ტენდერში სხვადასხვა ინტერესები იყო, მაგალითად, სინგაპურიდანაც. საიდან მოიტანენ ახლა 310 მილიონ დოლარს? და თუ ეს თანხა არ ექნებათ, მაშინ შეიძლება მართლაც ისესხონ ჩინური კომპანიებისგან და შემდეგ აღმოჩნდნენ მახეში. ვეღარ გადაიხადონ ვალი და საერთოდ დაკარგონ ანაკლიის პორტში წილი.

- დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ამ საუბრისთვის. ჩემი ბოლო კითხვა საერთაშორისო სანქციების კონტექსტს ეხება. როგორც ფიქრობთ, გააძლიერებს ჩინური კომპანიის მონაწილეობა ანაკლიის პორტის პროექტში, რომ საქართველო რუსეთს ეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებაში? მიუხედავად იმისა, რომ არცერთ პარტნიორს ამ დრომდე არ უთქვამს, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციების რეჟიმს, საქართველოს მდებარეობა, საერთო საზღვარი რუსეთთან, ეჭვებისთვის საკმაოდ დიდი მიზეზია, დამეთანხმებით ..

მე მგონია, რომ ეს პროექტი საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დაცვის შეწყვეტის ნაწილია. ვფიქრობ, ეს ბიზნესგეგმის ნაწილია. საქართველოს არასდროს დაუწესებია ორმხრივი სანქციები რუსეთზე, მაგრამ ამერიკის ანგარიშებიც აჩვენებს, რომ საქართველო ამ დრომდე იცავდა ამ სანქციებს – განსაკუთრებით, იმპორტის და ფინანსების ნაწილში. ამ რამდენიმე დღის წინ ამბავიც იყო, როცა სომეხი იმპორტიორი თუ ექსპორტიორი ამბობდა, რომ ჩვენ ვერ ვგზავნით სანქცირებულ პროდუქტებს რუსეთში, საქართველოს გავლით, იმიტომ რომ საქართველო სანქციებს იცავსო. საინტერესო რეპორტაჟი იყო. დღეს დარწმუნებული ვარ, რომ სანქციების თავიდან არიდება ბიზნესგეგმის ნაწილია ახალი ტენდერის და პროექტის პირობებში და მგონია, რომ საქართველო შეწყვეტს დასავლური სანქციების აღსრულებას რუსეთთან მიმართებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები