ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი მიიჩნევს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის შემოყვანით, ანაკლია რუსეთისთვის შესაძლოა სანქციების გვერდის ავლის ადგილი გახდეს. ამერიკელი ბიზნესიურისტი ამბობს, რომ კომპანია ამერიკის მხრიდან სანქციების ორ სხვადასხვა სიაშია შეყვანილი - „ერთი მას უკრძალავს ამერიკის შეერთებული შტატებიდან სამშენებლო ნაწილების შესყიდვას – ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელი კონტრაქტორი ან მომწოდებელი ანაკლიის პროექტს უბრალოდ ვერ ეყოლება იმიტომ, რომ მათ შეერთებული შტატების მთავრობა დასჯის“. რაც შეეხება მეორე აკრძალვას ჯონასის ინფორმაციით, ის ჯერ დონალდ ტრამპმა გამოსცა, ხოლო შემდეგ – მისი მოქმედების ვადა პრეზიდენტმა ბაიდენმაც გაახანგრძლივა და რომელიც ნებისმიერ ამერიკელს ერთობლივ პროექტში ჩართვას ან ჩინურ კომპანიასთან თანაინვესტირებას უკრძალავს – „ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ვერცერთი ამერიკელი ინვესტორი ვერ იქნება ჩართული ამ პროექტში.
ამ კომპანიის არჩევით საქართველოს მთავრობამ პრაქტიკულად სრულად დაბლოკა ამერიკის მონაწილეობა ამ პროექტში. ევროკავშირის კომპანიების პრაქტიკაა ასევე, რომ დაემორჩილონ ამ ტიპის სანქციებს და პირიქით. გამოდის – ამ პროექტს შესაძლოა დასავლელი ინვესტორი საერთოდ აღარ ჰყავდეს იმ პირობებში, როცა ჩინური სახელმწიფო კომპანია სისისისი იქნება მთავარი კონტრაქტორი. ეს იყო ზუსტად ის პირობა, რომელიც საქართველოს მთავრობამ დადო რუსეთთან – ანაკლიის პროექტში არ იქნებოდა დასავლური მონაწილეობა. რუსეთს შეუძლია არაფრის შეეშინდეს – ანაკლიის პროექტი ჩინური პროექტი ხდება, ხოლო ჩინეთი და რუსეთი მოკავშირეები არიან”, - აცხადებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის საბჭოს წევრი.
ბიზნესიურისტი განმარტავს, რომ სანქციების გვერდის ავლა რუსეთისთვის იმ პირობებშია შესაძლებელი, სანამ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ოფიციალურად არ შეერთებია. „ანალიტიკის“ წამყვანის კითხვას - რუსული კანონის და ოფშორების კანონის მიღების პირობებში, ანაკლიის პორტში ჩინური CCCC-ის ჩართვა ქვეყანას უფრო დიდ თავსატეხს ხომ არ უჩენს, ჯონასი ასე პასუხობს: „დიახ. აუცილებლად. 2022 წლის თებერვლის შემდეგ, გეოპოლიტიკური გარემო შეიცვალა. მთავარი ცვლილება კი ის იყო, რომ ნოვოროსიისკის პორტი პრაქტიკულად დაიხურა – ტვირთები, რომლებსაც ეს პორტი ატარებდა მნიშვნელოვნად შემცირდა. ნოვოროსიისკი იყო ძირითადი კარიბჭე ცენტრალური აზია–შავი ზღვის ვაჭრობისთვის. რადგან ფოთის პორტი არ არის სათანადოდ დიდი და ღრმა მაშინ, როცა რუსებმა გააღრმავეს ნოვოროსიისკის პორტი. დღეს ვითარება შეცვლილია – გადამზიდავი კომპანიების უდიდესი ნაწილი არ ირჩევს ნოვორისიისკს რუსეთზე დაწესებული სანქციების გამო. ამას ემატება ისიც, რომ უკრაინელებმა 2–3 გემი ძალიან წარმატებულად ჩაძირეს ნოვოროსიისკის ნავსადგურში – ასე რომ ეს პორტი დღეს პრაქტიკულად დაკეტილია. ცენტრალური აზიის ქვეყნებს აღარ აქვთ იმპორტის მიღების და ექსპორტის წარმოების შესაძლებლობა დასავლეთთან. ამდენად – ცენტრალური აზიის ქვეყნები – და ეს ახალ ამბებშიც იყო მოხვედრილი ბოლო ორი წლის განმავლობაში – ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი, კავკასიის ქვეყნები საქართველოს ლობირებდნენ, ჩამოდიოდნენ საქართველოში და ცდილობდნენ საქართველოს მთავრობა დაერწმუნებინათ, რომ დაეწყო ანაკლიის პროექტი – იმისთვის, რომ ჩიხური ვითარება თავიანთ ვაჭრობაში გახსნილიყო. ვფიქრობ, რომ ეს სამი ქვეყანა – ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი – ლობირებდნენ რუსეთსაც – დაიხიე უკან და საქართველომ გააკეთოს ეს პროექტი“.
ბიზნესიურისტი თვლის, რომ ამ ეტაპზე ანაკლიის პორტის ამუშავების ინტერესი რუსეთსაც უჩნდება.
„რადგან ნოვოროსიისკის პორტი პრაქტიკულად დაკეტილი და სანქცირებულია. ამდენად, ანაკლია შეიძლება გახდეს სანქციებისთვის გვერდის ასავლელი პორტი რუსეთისთვის მანამ, სანამ საქართველო არ არის ოფიციალურად შეერთებული სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. დღეს არსებული მიმართულება დასავლეთთან მიმართებით, რაც საქართველოს მთავრობას აქვს აღებული მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მას საერთოდ აღარ ადარდებდეს იმ სანქციების დაცვა, რაც დასავლეთმა რუსეთს დაუწესა. რუსული კანონი, ოფშორების კანონი, ძალადობრივი რიტორიკა დასავლეთის მისამართით, ჩინური სახელმწიფო კომპანიის შერჩება ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორად მაშინ, როცა კომპანიაზე სანქციები ვრცელდება – ეს ყველაფერი რუსეთის დარწმუნებაა, რომ ანაკლია თუ აშენდება, ის მხოლოდ რუსეთის ინტერესებზე იქნება ფოკუსირებული. აქვე მოხვდება ცენტრალური აზია და შესაძლოა, ირანიც – პრემიერი იყო ირანში პრეზიდენტის დასაფლავებაზე და დიდი შოუც დადგეს საქართველო–ირანის ურთიერთობების ირგვლივ. სანქციებს თუ არ გავითვალისწინებთ, ირანიც ანაკლიის პორტის სავაჭრო ზონაშია და ისიც – რუსეთის მოკავშირეა“, - განმარტავს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.