მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მიიღებს თუ არა საქართველო ეკონომიკურ სარგებელს ანაკლიის პორტში CCCC-ის შემოსვლით? - თედ ჯონასის შეფასება

ბიზნესიურისტი

ამ [ანაკლიის] პორტიდან საქართველო გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, თუ მას ჩინელები მართლაც ააშენებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნება რა ტიპის ეკონომიკური სარგებელიც შეეძლო მიეღო ქვეყანას, ტენდერი რომ იმ პირობებით განხორციელებულიყო, რა პირობებსაც ჩვენ [ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა] მოვაწერეთ ხელი - ასე პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი თედ ჯონასი „ანალიტიკას“ წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას - იქნება თუ არა ეკონომიკური სარგებლის მომტანი ქვეყნისთვის, ანაკლიის პორტის პროექტში ჩინური კომპანიის შემოსვლა. თედ ჯონასი იმ ფაქტორებს განმარტავს, რაც მის პოზიციას და შეფასებას განაპირობებს.

„აქ იმას ვიტყვი, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პროქტის განხორციელებას დასავლური ინვესტიციებით გეგმავდა. "მერსედეს ბენცი" რომ აიღოთ და შეადაროთ, ჩინურ ინვესტიციებს – ჟიგულს. ეს იქნება პროექტის ეკონომიკური ეფექტი. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის პროექტს ჰყავდა 4 საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი, როგორც ინვესტორი – იბიარდი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინდუსტრიული განვითარების ბანკი, ოპეკი – 50 მილიონი დოლარის გარანტია ჰქონდა ევროკავშირისგან – ჰყავდა ჰოლანდიელი, ამერიკელი, ქართველი, ბულგარელი ინვესტორები – პორტის ოპერატორი ესესეი მარინი – სიეტლიდან, სამშენებლო კომპანია – ფრანგული. ამას გარდა, ჰქონდა გეგმა – 400 ჰექტარზე სპეციალური ინდუსტრიული ზონის აწყობის. ეს ქონება ჩვენი საკუთრებაა. ამ ქონების მფლობელი ADC-ია. ეს ქონება არ არის საქართველოს მთავრობის საკუთრება. ამდენად – პროექტი, რომელსაც მთავრობა ჩინურ სახელმწიფო კომპანიასთან ერთად გეგმავს – სპეციალური ინდუსტრიული ზონის გარეშეა. დასავლური ინვესტიციები, დასავლური საფინანსო ინსტიტუტები – ეს ნიშნავს მეტ გამჭვირვალობას, მკაფიო წესებს ადგილობრივების დასაქმებასთან დაკავშირებით, სპეციალური ინდუსტრიული ზონა. ჩინეთის შემთხვევაში, კონკრეტულად ამ კომპანიაზე შემიძლია გამოგიგზავნოთ ძალიან ბევრი სტატია და ინფორმაცია – მათ აქვთ გრძელი ისტორია, რომ საკუთარ პროექტებში შემოჰყავთ საკუთარი მუშა–ხელი, არ ასაქმებენ ადგილობრივებს – შემოჰყავთ არა მხოლოდ მენეჯერულ პოზიციებზე, არამედ, რიგითი მუშებიც კი ჩინელები არიან. სხვათა შორის, ამაზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია – გზების პროექტების შემთხვევაში. ძალიან ცოტა ქართველს ასაქმებენ. არ ექნებათ სპეციალური ინდუსტრიული ზონა. მათზე ვრცელდება ამერიკის სანქციები.

რა თქმა უნდა, საქართველო გარკვეულ ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს ამ პორტიდან, თუ მას ჩინელები მართლაც ააშენებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მცირედი ნაწილი იქნება რა ტიპის ეკონომიკური სარგებელიც შეეძლო მიეღო საქართველოს, ტენდერი რომ იმ პირობებით განხორციელებულიყო, რა პირობებსაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი. მე იმასაც კი არ ვამბობ, რომ მხოლოდ ADC შეძლებდა დასავლური პროექტის განხორციელებას, ტენდერში რომ სწორი პირობები ყოფილიყო ჩადებული, ამ პროექტს დიდი დასავლური პორტის ოპერატორებიც შეეჭიდებოდნენ“, - აცხადებს თედ ჯონასი.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ამ პროექტის წინა ჩარჩო – რომელიც ქართულმა ოცნებამ 2014–2018 წლებში თავად შეიმუშავა, რაც სრულად დასავლეთზე ორიენტირებული გამჭვირვალე ეკონომიკური განვითარების პროექტი იყო.

„შემდეგ ბიძინამ მიიღო ინსტრუქციები რუსეთისგან, იეჭვიანა მამუკა ხაზარაძეზე და მოკლა ანაკლიის პროექტი. მივიღებთ ძალიან შეზღუდულ და კორუფციით გაჯერებულ ეკონომიკურ განვითარებას, ჩინური კომპანიით, რომელსაც ამერიკის სანქციები ადევს. თანაც იმ პირობებში, როდესაც თავისივე ტენდერის პირობებს არღვევენ იმით, რომ კერძო კომპანიების ნაცვლად, სახელმწიფო კომპანიას აბარებენ პროექტს“, - აღნიშნავს ჯონასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები