ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ 4-წლიან საარბიტრაჟო დავაში წააგო - აღნიშნული განაჩენი 30 ივლისს პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მიიღო. კონსორციუმი სახელმწიფოსგან 476 მილიონი დოლარის მიუღებელი შემოსავლის მიღებაზე დაობდა, რაც კონსორციუმის ინვესტორთა შეფასებით წარმოადგენდა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას მთავრობის მიერ გადადგმული დესტრუქციული ნაბიჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომელთაც 2020 წელს კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმების გაუქმება მოჰყვა.
არბიტრაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, იურისტმა თედ ჯონასმა ისაუბრა. მისი თქმით, არბიტრაჟმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც ის არ ეთანხმება და ეს გადაწყვეტილება ძალიან დასანანია, თუმცა თედ ჯონასის თქმით ამ გადაწყვეტილებას არბიტრაჟი აფუძნებს კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში არსებულ ჩანაწერს, რომელიც მიუთითებდა, რომ სახელმწიფოს აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ანაკლიის პორტის ინვესტორის მიმართ ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმა საერთოდ არ ევალებოდა და რომ აღნიშნული რისკი (მათ შორის რისკი, რომ სახელმწიფო არ იმოქმედებდა პროექტისთვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით საკუთარ თავზე თავად ინვესტორმა აიღო).
“ვენდობი თუ არა არბიტრაჟს? დიახ, ვენდობი. არ არის გარანტია, რომ ერთი მხარე მოიგებდა დავას. საკმაოდ რთული პროცესი იყო და განაჩენის გამოტანას ერთი წელი დასჭირდა, სამი არბიტრიდან მთავრობის მხარე ორმა გაიზიარა, ხოლო ერთმა განსხვავებული მოსაზრება დაწერა.
ჩვენ შეგვეძლო აპელირება იმაზე, რომ ხელისუფლება არ უჭერდა მხარს პროექტს. ჩვენი თეორია იყო ის, რომ მთავრობის ქმედება იყო იმდენად მძიმე, რომ ქართული კანონის შესაბამისად პასუხისმგებელი უნდა ყოფილიყვნენ პროექტზე, თუმცა მთავრობის პოზიცია იყო განსხვავებული ქართული კანონისგან და ერგებოდა ინგლისურ კანონს, რომ მათ არ ჰქონდათ მსგავსი ვალდებულება.
ძალიან უცნაურია, რომ არბიტრაჟმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მაგრამ მათ თქვეს, რომ მთავრობა ჩართული იყო ყველა ამ ქმედებაში, მაშინაც კი თუკი მთავრობას ცუდი განზრახვა ჰქონდა, ხელისუფლებას არ ჰქონდა ვალდებულება, რომ ჰქონოდათ კარგი განზრახვა და დახმარებოდნენ პროექტს ან თავიდან აერიდებინათ ასეთი შედეგი,” - განაცხადა თედ ჯონასმა.
ის რომ 2016 წელს სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული საინვესტიციო შეთანხმება კომპანიას მთავრობის ქმედებების რისკებისგან არ იცავდა, ამაზე ინფორმაცია წარსულშიც ვრცელდებოდა. ეს მოიცავდა პროექტის სხვადასხვა ასპექტს, მათ შორის იმასაც, რომ სახელმწიფოს შეეძლო პრიორიტეტი ფოთის პორტისთვის მიენიჭებინა, რასაც ანაკლიის პროექტისთვის კომერციული ზიანი მიეყენებინა, თუმცა სახელმწიფოს ინვესტორან გაფორმებული შეთანხმება მსგავს ვალდებულებებს არ უყენებდა. აღნიშნულს შეეხებოდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წუხილიც, რის გამოც მათ ანაკლიის პორტის პროექტისთვის საკრედიტო დაფინანსება არ გამოყვეს.
თედ ჯონასმა არბიტრაჟის მიერ დაკისრებული 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობა ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ეს თანხა ბიუჯეტში უნდა შევიდეს. სინამდვილეში ეს არის ის თანხა, რომელიც ორივე მხარემ 650-650 ათასი დოლარის ოდენობით გადაუხადეს საერთაშორისო არბიტრაჟს მათი მომსახურებისთვის, ხოლო გუშინდელი განაჩენით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სწორედ აღნიშნული თანხის ანაზღაურება დაევალა მთავრობისთვის.
“იუსტიციის მინისტრმა თქვა ძალიან ბევრი ტყუილი. ის არის იურისტი და მან უნდა იცოდეს უკეთ რა თქვას. ორივე მხარეს უწევდა 650 ათასის გადახდა ICC-ისთვის, რაც იყო არბიტრების ხრჯების დაფარვა. ჩვენც დავდეთ 650 ათასი, ისევე როგორც მთავრობამ. ხოლო საერთაშორისო არბიტრაჟმა არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი და ეს არის ის 650 ათასი დოლარის ანაზღაურება საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც მათ გადაუხადეს საწყის ეტაპზე. ეს გულისხმობს, რომ ჩვენ ეს თანხა გადაგვეხადა ICC-ისთვის და არა მათთვის.
650 ათასი დოლარი არის მცირე ნაწილი იმ სამართლებრივი ხარჯისა, რომელიც გასწია მთავრობამ. ეს იყო მილიონობით დოლარი და მათი ხარჯები იყო ჩვენს ხარჯებზე ორჯერ მეტი. როგორც წესი, გამარჯვებული მხარე უნდა იღებდეს ყველა ხარჯისთვის, რომელიც გასწია, თუმცა არბიტრაჟის გათვალისწინებით, რომ ძალიან ახლოს იყო ამ საქმის განხილვისას, მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადაგვეხადა სამართლებრივი დანახარჯები სრულად მთავრობისათვის. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ არბიტრაჟი მთავრობის მიერ შეთავაზებულ არგუმენტებს ბოლომდე კი არ დაეთანხმა, არამედ არბიტრაჟმა თქვა, რომ ხედავენ მოსარჩელის ძალისხმევას და არ დააკისრებენ მას სამართლებრივი ხარჯების ანაზღაურებას. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მცირე ნაწილი მთავრობის სამართლებრივი დანახარჯებისა", - განაცხადა თედ ჯონასმა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, სახელმწიფომ ანაკლიის საარბიტრაჟო დავაში საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ის მომსახურრების დაქირავებისთვის 70 მილიონი ლარი გადაიხადა.