მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"CCCC კომპანიის ნაწილის მფლობელი არის ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის არმიას აფინანსებს" - ვის ხელშია ანაკლია?

რობინ დანიგან
18.06.24 23:05
1389

"CCCC კომპანიის ნაწილის მფლობელი, [რომელსაც საქართველოს მთავრობამ ანაკლიის მშენებლობა გადააბარა], არის ჩინეთის კომუნისტური პარტია, რომელიც რუსეთის არმიას აფინანსებს" - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩმა, რობინ დანიგანმა „ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა.

ელჩი გაკვირვებას გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლების აღნიშნული გადაწყვეტილების გამო და უკვირს, რატომ აღრმავებს "ქართული ოცნება" ეკონომიკურ კავშირებს კომპანიასთან, რომელიც ოკუპანტს აფინანსებს.

"CCCC კომპანიის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა და ის ცნობილია, რომ დაკავშირებულია ჩინეთის არმიასთან. ჩინეთის კომუნისტური პარტია, დღეს არის ნომერ პირველი ბანკირი, რუსეთის არმიის ფინანსისტი. ასე რომ, ერთი კითხვაა, რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს? იმიტომ, რომ რუსეთის არმიას ჩინეთის კომუნისტური პარტია აფინანსებს. ეს ერთი კითხვაა.

შემდეგი კითხვაა მოცემული კომპანიის ხარისხისა და სტანდარტების შესახებ, CCCC-ს არ აქვს კარგი რეპუტაცია გლობალურად. 2009 წელს მსოფლიო ბანკმა აუკრძალა ბანკს ამ კომპანიის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცოტა ხნის წინ კომპანიამ ააშენა პორტი შრი-ლანკაში და ამ პორტის ირგვლივ ბევრი კამათია. არ ვიცი, წაგიკითხავთ თუ არა ამის შესახებ, მაგრამ საბოლოოდ, ჩინეთის მთავრობამ შეძლო შრი-ლანკის მიწაზე 99-წლიანი იჯარის უზრუნველყოფა და მისი გემები, სამხედრო გემები, შეძლებენ შესვლას და გასვლას. ასე რომ, არსებობს კამათი იმასთან დაკავშირებით, რომ შრი-ლანკამ დათმო თავის სუვერენიტეტი და ძირითადი კრიტიკული ინფრასტრუქტურა. შეერთებული შტატების ხაზინამ დაადგინა, რომ ეს კომპანია არის კომპანია, რომელიც შედის კომპანიების სიაში, რომლებსაც აქვთ ღრმა კავშირები კომუნისტური პარტიის სამხედროებთან. ასე რომ, ბევრი შეშფოთება არსებობს ანაკლიასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული გადაწყვეტილებაა. მაგრამ მე უბრალოდ ვიმეორებ ზოგიერთ შეშფოთებას, რომელიც გლობალურად არსებობს ამ კონკრეტული კომპანიის შესახებ", - ამბობს ელჩი.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ, ჩინური კომპანია დაასახელა გამარჯვებულად, ვინც საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობაში ანაკლიას პორტს ააშენებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი China Communications Construction Company Limited-ი (CCCC) გამოვლინდა. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, ანაკლიის პორტის მშენებლობის პირველი ფაზა დაახლოებით $600 მლნ დაჯდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები