მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამერიკელი ინვესტორების ინტერესი საქართველოს გარკვეული სექტორებისადმი გაზრდილია“ - მამუკა წერეთელი

635d5dc60a57a
ლიკა მეგუთნიშვილი
30.10.22 00:00
761
„ამერიკელი ინვესტორების ინტერესი საქართველოში არსებულ გარკვეულ სექტორებთან მიმართებით გაზრდილია“ - ამის შესახებ გადაცემა „საქმის კურსში“ ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, განსაკუთრებული ინტერესი საქართველოსადმი ამერიკის საერთაშორისო განვითარების კორპორაციას, იგივე DFC-ს აქვს, რომელიც ქვეყანაში კვლავ არაერთი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„საქართველოში DFC-ს ამ დრომდე არაერთი ინვესტიცია აქვს განხორციელებული კერძო სექტორის სხვადასხვა სფეროში, დაწყებული უძრავი ქონებიდან, პორტებით დამთავრებული. მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციების ჯამური ღირებულება უკვე $800 მილიონს შეადგენს. DFC-ს ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი დიდია და ამ ორგანიზაციას აქ ინვესტიციების გაგრძელება სურს”, – აცხადებს მამუკა წერეთელი.

ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ინვესტორების ინტერესის მთავარ საგანს ენერგეტიკა და განახლებადი ენერგიის წყაროები წარმოადგენს.

„არის ასეთი ამერიკული კომპანია “EPR ENERGY”, რომელიც განახლებადი ენერგიისა თუ სხვა ენერგეტიკის მიმართულებით შესაძლებლობებს იკვლევს. ეს კომპანია ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს წევრია, რომელსაც უკვე ერთ წელზე მეტია საქართველოში არაერთი პროექტის მიმართ ინტერესი აქვს. კერძო ინვესტიციების მიმართულებით სხვადასხვა შესაძლებლობებს იკვლევენ. ამ კომპანიის წევრები უკვე რამდენიმე დღეა საქართველოში არიან და სხვადასხვა ობიექტს ათვალიერებენ, უკვე კონკრეტიკაზეა საუბარი“, - აცხადებს ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს პრეზიდენტი, მამუკა წერეთელი.

მამუკა წერეთლის თქმით, მიუხედავად ახალი პროექტებით დაინტერესებისა, ინვესტორებისთვის პრიორიტეტად კვლავ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი რჩება.

ინფორმაციისთვის, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში საქართველოში $351.8 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 9.1%-ით მეტია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები