მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკელი პოპმხატვრის ჯეფ კუნსის $42,000-ად შეფასებული ძაღლის შუშის ქანდაკება გატეხეს

63f23e2e87d55
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 20:47
1858
მაიამიში, 16 თებერვალს, თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის, Art Wynwood-ის გახსნის საღამოზე, გამოფენის ერთ-ერთმა ვიზიტორმა შემთხვევით, ამერიკელი პოპ-მხატვრის ჯეფ კუნსის $42,000-ად შეფასებული ძაღლის ბუშტის ფრომის შუშის ქანდაკება გატეხა.

ადგილობრივმა მხატვარმა, სტივენ გამსონმა, რომელიც თავად შეესწრო, თუ როგორ ჩამოაგდო ქალმა კვარცხლბეკიდან ქანდაკება, მოგვიანებით „Miami Herald“-თან მოვლენა ასე აღწერა:

„როდესაც ეს ნივთი მიწაზე დაეცა, ავტოკატასტროფას ჰგავდა, რომელმაც გზატკეცილზე ხალხის უზარმაზარი მასა მიიზიდა“, - აღნიშნა სტივენ გამსონმა.

Bel-Air Fine Art გალერეების სამხატვრო მრჩეველმა კი განაცხადა, რომ ქალის საბედნიეროდ, ქანდაკება დაზღვეული იყო. მოგვიანებით კი დაამატა, რომ ის, ის ვინც ჯეფ კუნსის ნამუშევარი დააზიანა, ხელოვნების კოლექციონერი იყო.

რაც შეეხება სკულპტურას, იმის მიუხედავად, რომ ის ათასობით ნაწილად დაიშალა და ფაქტობრივად, სრულად განადგურდა, კოლექციონერების მხრიდან მისი შეძენის ინტერესი, კვლავ მაღალია.

თავად ნამუშევრის ავტორს, 68 წლის ჯეფ კუნსს კი, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის: ჯეფ კუნსის ქანდაკებების სერია „Balloon Dog“ თანამედროვე ხელოვნების ყველაზე საკულტო ნიმუშებს შორისაა. ამ სერიიდან ნამუშევრები ათობით მილიონ დოლარადაა გაყიდული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები