მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

ირანის ელჩი

„საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი“ - ასე ეხმაურება ირანის ელჩი საქართველოში, სეიედ ალი მოჯანი, ქართული მხარის განცხადებას ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის სანქციების დაცვასთან დაკავშირებით.

ალი მოჯანი აცხადებს, რომ შავ ზღვას „მხოლოდ ერთი სანაპირო არ აქვს“ და შავი ზღვის აკვატორიის რუკას აქვეყნებს, სადაც აღმოსავლეთ საქართველო გამოსახული არ არის.

დიპლომატის თქმით, ბოლო დღეებში ირანელმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურისტული მოგზაურობების გაგრძელებასთან დაკავშირებით საელჩოს საკონსულო განყოფილებას კითხვებით მიმართეს.

„ჩვენი პასუხი ნათელია: საქართველო უდავოდ შავი ზღვის სანაპიროზე ირანელთა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება იყო ულამაზესი ქვეყანა, გამორჩეული ბუნებით, მდიდარი კულტურით, მრავალფეროვანი სამზარეულოთი, წყაროებითა და მინერალური წყლებით, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მრავალ ირანელ ტურისტს მასპინძლობდა. ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს, ქართველ ხალხსა და ამ ქვეყნის დამოუკიდებელ არჩევანს. საქართველოს ბოლო გადაწყვეტილება, რომელიც დასავლეთის სანქციებიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვების დაწესებას უკავშირდება, არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას. ირანელები მოგზაურობის მიმართულების არჩევისას გადაწყვეტილებას მთელი რიგი მოსაზრებების საფუძველზე იღებენ, მათ შორის უსაფრთხოების, სიმარტივის, სარგებლის, ხარჯების, ურთიერთპატივისცემისა და ღირსების გათვალისწინებით. საქართველო ერთ-ერთი არჩევანი იყო, თუმცა არა ერთადერთი“, - წერს ალი მოჯანი.

ელჩი აღნიშნავს, რომ ტურისტების ჩამოსვლით სარგებლობენ სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, მაღაზიები, გიდები, ხალხური რეწვის სფერო და ეკონომიკის სხვა მიმართულებები. მისი თქმით, შექმნილი ვითარება მხოლოდ შეზღუდვად არ უნდა შეფასდეს, რადგან „ყოველი შეზღუდვა შეიძლება ახალი გზების პოვნის შესაძლებლობად იქცეს“.

„შავი ზღვა მხოლოდ ერთი მიმართულება არ არის და მას მხოლოდ ერთი სანაპირო არ აქვს; ამ სივრცეში არსებობს სხვა ლამაზი და ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომი სანაპიროები და პორტებიც, რომლებიც შეიძლება ირანელთა მოგზაურობის მიმართულებებად იქცეს. არსებობს სხვა მიმართულებებიც სხვა ქვეყნები სანახავად, სხვა კულტურები გასაცნობად და სხვა ხალხები სასაუბროდ... საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ჩვენი პატივისცემა და მეგობრობა უცვლელია; ისევე, როგორც ირანისა და ირანელთა არჩევანის უფლებაც პატივსაცემია“, - აცხადებს ელჩი.

პოსტის კომენტარებში ერთ-ერთი მომხმარებლის კითხვაზე „შეზღუდეს ტურიზმი? თუ კი, რა მიზეზით? როდის?“ ირანის ელჩმა უპასუხა: „ამერიკის დიდებისთვის!“

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას, მათ შორის მათ, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განაცხადეს, რომ ქართული მხარე ირანულ ავიაკომპანიებთან მიმართებით აშშ-ის სანქციების მოთხოვნებს დაიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები