მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ" - კობახიძის თქმით, ირანის ელჩთან საჯარო პოლემიკას არ აპირებენ

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო საერთაშორისო სასანქციო რეჟიმის დაცვას აგრძელებს და სანქციების გვერდის ავლას არ დაუშვებს.

ასე გამოეხმაურა პრემიერი აშშ-ის მიერ ირანულ ავიაკომპანიებზე დაწესებულ შეზღუდვებსა და ამ საკითხზე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის საპასუხო განცხადებას.

ჟურნალისტმა კობახიძეს ჰკითხა, რას იტყვის ელჩის განცხადებაზე მაშინ, როცა ევროპელი დიპლომატებისა და ელჩების ღია კრიტიკას "ქართული ოცნება" როგორც წესი, არ ერიდება.

„ზოგადად ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება, თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს. ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რამე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, რა თქმა უნდა, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეერთებულმა შტატებმა 27 ირანული ავიაკომპანიის დასანქცირების გადაწყვეტილება მიიღო, რომელთაგან ნაწილი საქართველოსა და ირანს შორის რეისებს ახორციელებს.

აშშ-ის გადაწყვეტილების შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ქართული მხარე, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, ახლაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სრული დაცვით იმოქმედებს.

აღნიშნულს გამოეხმაურა საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი. მან აღნიშნა, რომ პატივს სცემს საქართველოს დამოუკიდებელ არჩევანს, თუმცა დასძინა, რომ „სხვების არჩევანის პატივისცემა არ ნიშნავს საკუთარი არჩევანის უფლების უგულებელყოფას“.

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები