ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ (USTA) 2025 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე მხოლოდ თავისი საკულტო კოქტეილით Honey Deuce $17 მილიონი გამოიმუშავა.
ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს. "Grey Goose“-ის არაყზე დამზადებული ეს სასმელი 23 დოლარი ღირს და ტურნირის განმავლობაში, ნიუ-იორკში გამართულ სამკვირიან პერიოდში, სულ 738,459 ერთეული გაიყიდა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია.
გაყიდვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა გულშემატკივრების გაზრდილი დასწრება ბილი ჯინ კინგის სახელობის ეროვნული ჩოგბურთის ცენტრში.
ძირითად ბადეში დასწრებამ 905,000-ს მიაღწია, რაც 9%-ით მეტია წინა რეკორდზე. ეს დიდწილად განაპირობა სამდღიანი პირველი რაუნდის ჩატარებამ, რომელიც დამატებით კვირა დღით გაგრძელდა. „Fan Week“-ის დასწრებაც გაიზარდა და 239,000 ადამიანს მიაღწია, რაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა განახლებული შერეული წყვილების ტურნირმა.
საკვები და სასმელი პროდუქციის გაყიდვები მთლიანობაში 19%-ით გაიზარდა, ხოლო საქონლის (მერჩენდაიზინგის) გაყიდვები - 27%-ით. ეს მონაცემები ცხადყოფს, რომ ტურნირი სულ უფრო პოპულარული ხდება და შემოსავლების წყაროებსაც აქტიურად აფართოებს.
2024 წელს აშშ-ის ღია პირველობამ $560 მილიონის შემოსავალი მიიღო, რაც USTA-ს წლიური შემოსავლის 90%-ია, ხარჯებმა კი მხოლოდ $282 მილიონი შეადგინა. შედეგად, მოგების მარჟა დაახლოებით 49% გამოვიდა. ტურნირის წმინდა მოგება, $277 მილიონი თითქმის ორჯერ მეტი იყო, ვიდრე პანდემიამდე ბოლო წელს მიღებული $157 მილიონი.
Honey Deuce-ის წარმოუდგენელი პოპულარობა 2006 წლიდან ტურნირის აღმავლობას უკავშირდება. პირველ წელს მხოლოდ 18,000 ერთეული გაიყიდა, 2016 წელს ეს მაჩვენებელი უკვე 193,000-მდე ავიდა, ხოლო 2025-ში 738,000-ს გადააჭარბა. სასმლის ფასი, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მკვეთრად გაიზარდა და ინფლაციასაც გადაასწრო - 2014 წლის 14 დოლარიდან ათ წელიწადში 23 დოლარამდე, ანუ 64%-ით მოიმატა.
2025 წელს Honey Deuce-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი სრულად ფარავს მამაკაცებისა და ქალების ერთეულთა ბადეში პირველ წრეში დამარცხებული 128 ჩოგბურთელისთვის განკუთვნილ $14.1 მილიონს. საერთო საპრიზო ფონდი $90 მილიონს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 20%-ით მეტი იყო. ტურნირის გამარჯვებულებმა კი რეკორდული $5 მილიონი მიიღეს - ყველაზე მაღალი საპრიზო თანხა როგორც ATP-ის, ასევე WTA-ს ღონისძიებებში.


























