PMCG-ის გენერალური დირექტორი ლექსო ალექსიშვილი ამბობს, რომ USAID-თან დაკავშირებით ახლა ყველა ქვეყანაში მოლოდინის რეჟიმია, რადგან არავინ იცის რა ფორმით ან საერთოდ თუ გააგრძელებს განვითარების სააგენტო ფუნქციონირებას.
"ამერიკის მთავრობა არა მხოლოდ USAID-ს აქრობს, არამედ ბევრ სხვა ორგანიზაციას. მათი პირველი ამოცანა მთავრობის ზომის შემცირებაა, დღეს მთავრობის ზომა შვიდი ტრილიონი დოლარია და რამდენიმე წელში აქედან უნდა დაიყვანოს ოთხ ტრილიონამდე. ეს ამბიციური ამოცანაა, თუმცა სამი ტრილიონით შემცირებაში USAID-ის წვლილი ძალიან მცირეა და ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს. ამიტომ USAID-ის თემა უფრო იყო სიგნალი მის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომ ისინი აღარ მყავს და ახლა ვიწყებ თავიდან. ანუ ის ვინც აქამდე იყო, სტრატეგიული პარტნიორი ერქვა და რომელთანაც მე მქონდა არა მხოლოდ ფინანსური არხით ურთიერთობები, არამედ სხვა არხებითაც, ეს აღარ არსებობს. ახლა მოლოდინის რეჟიმია და არ ვიცით როგორი იქნება აშშ-ის შეთანხმებები გლობალურ მოთამაშეებთან და იმის მიხედვით გადაწყდება ჩვენთან დამოკიდებულების სიღრმე და საჭიროება", - ამბობს ალექსიშვილი "ანალიტიკას" ეთერში.
თეთრ სახლში მეორედ დაბრუნებული დონალდ ტრამპის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება საერთაშორისო განვითარების დახმარების პროგრამების სამი თვით შეჩერება აღმოჩნდა. აშშ მსოფლიოში ყველაზე მსხვილი დონორია, მხოლოდ 2023 წელს სახელმწიფო დეპარტამენტმა სხვა და სხვა უწყებებმა ქვეყანაში ასობით პროექტზე 68 მილიარდ დოლარამდე დახარჯა. დახმარებას ბენეფიციარი ქვეყნები ძირითადად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ცნობილი როგორც USAID-ის გავლით იღებდნენ. ამ რეალობაში ტრამპის გადაწყვეტილებას გავლენა ბევრ ქვეყანაზე ექნება, რომელთა შორისაც არის საქართველოც.