მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-მა საიმიგრაციო ვიზების გაცემის პროცესი გლობალურად დროებით შეაჩერა

ვიზა

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ყველა საელჩოსა და საკონსულოში საიმიგრაციო ვიზების განაცხადების განხილვა და დანიშნული გასაუბრებები დროებით შეაჩერა.

The Guardian-ის ინფორმაციით, უწყებამ საკონსულო მოხელეებისთვის გლობალური სასწავლო პროგრამა წამოიწყო, რომლის მიზანიც განაცხადების შეფასების კრიტერიუმების გამკაცრება და იმ პირთა იდენტიფიცირებაა, რომლებიც შესაძლოა აშშ-ის სახელმწიფო დახმარებაზე გახდნენ დამოკიდებულნი. Financial Times-ის ცნობით, აპლიკანტებს, რომლებსაც გასაუბრებები უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, შეტყობინებები შეხვედრების გაუქმებისა და განრიგის ცვლილების შესახებ ელექტრონული ფოსტით გაეგზავნათ.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ სიღრმისეული ტრენინგი საკონსულო ოფიცრებს საშუალებას მისცემს, თითოეული განაცხადი ყოვლისმომცველად და ერთგვაროვანი სტანდარტით შეაფასონ. ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის იმ ფართომასშტაბიანი საიმიგრაციო პოლიტიკის ნაწილია, რომელიც როგორც ლეგალური, ისე არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვას ისახავს მიზნად. პარალელურად, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტთან კოორდინაციით, თეთრი სახლი თავშესაფრის მაძიებელი იმ პირებისთვის ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებიც ქვეყანაში თავდაპირველად ტურისტული ან ბიზნესვიზით შევიდნენ. ეს გადაწყვეტილება შესაძლოა 200 000-მდე ადამიანს შეეხოს, რაც აშშ-ის ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბური გაუქმება იქნება.

ახალი შეზღუდვები მნიშვნელოვან დაბრკოლებებს უქმნის იმ აპლიკანტებსაც, რომლებიც საიმიგრაციო პროცედურებს კანონის სრული დაცვით გადიოდნენ. საიმიგრაციო სამართლის სპეციალისტების განცხადებით, ათასობით ადამიანმა გასაუბრებებზე დასასწრებად დიდი ფინანსური რესურსი დახარჯა და გეგმები შეცვალა, ვიზების პროცესის შეჩერებით გამოწვეულმა შეფერხებამ კი ისინი გაურკვეველ მდგომარეობაში ჩააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები