დიდი ტექნოლოგიური კომპანიები ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში ინვესტირებას აგრძელებენ.
ამ მხრივ ტემპის ზრდა ყველაზე კარგად ბოლო 14 წლის მონაცემების შედარებისას ჩანს. თუ 2010 წელს დატა ცენტრების რაოდენობა 311-ს არ აღემატებოდა, გასული წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი გაოთხმაგებულია და 1,240-ს შეადგენს.
AI დატა ცენტრების რაოდენობით ამერიკის შტატებს შორის ჩრდილოეთ ვირჯინია ლიდერობს, სადაც ამ ტიპის 329 ობიექტი მდებარეობს. მეორე ადგილზე კი არიზონაა, სადაც რაოდენობა გაცილებით მცირეა, თუმცა მათი შესაძლებლობა არანაკლებ დიდია. შტატში სულ 48 დატა ცენტრი ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში სიის სათავეებისკენ წაწევა დაიწყეს ოჰაიოსა და ნებრასკას შტატებმა.
აღნიშნულ შტატებში დატა ცენტრების მშენებლობას ხელს უწყობს ის შეღავათები, რომლებსაც მათ ადგილობრივი თუ ფედერალური უწყებები აძლევენ. თუმცა ახალი ობიექტების გახსნას თავისი პრობლემებიც ახლავს თან. როგორც ცნობილია, ნებისმიერი AI დატა ცენტრი უამრავ ელექტროენერგიასა თუ მილიონობით გალონ წყალს მოითხოვს. ეს მაჩვენებელი კი ზოგჯერ მნიშვნელოვნად აღემატება იმ მოცულობას, რაზეც კონკრეტული ქალაქი შეიძლება იყოს გათვლილი. ცნობისთვის, თუ არსებული ტენდენცია შენარჩუნდა, მალე ამერიკულ დატა ცენტრებს ყოველწლიურად იმდენივე ელექტროენერგიის მოხმარება დასჭირდებათ, რამდენიც პოლონეთმა 2023 წელს გამოიყენა.




























