მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე ამოქმედდება განახლებული ტარიფი" - USA2GEORGIA

USA2GEORGIA

USA2GEORGIA ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე ტარიფს ზრდის. ამის შესახებ კომპანიამ მომხმარებელს ოფიციალური ელექტრონული ფოსტით აცნობა.

კერძოდ, როგორც გადამზიდავი კომპანია იტყობინება, ამ დრომდე მოქმედი ტარიგი 1 კილოგრამზე $9 იყო, 20 მარტიდან კი ტრანსპორტირების ღირებულება $9.95 გახდება.

USA2GEORGIA გაძვირების მიზეზად საავიაციო საწვავის ღირებულების ზრდას ასახელებს.

"საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) ბოლო მონაცემებით, გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე, საავიაციო საწვავის ღირებულება 58.4%-ით გაიზარდა. აღნიშნულმა ფაქტორმა პირდაპირი გავლენა იქონია საჰაერო გადაზიდვების საოპერაციო ხარჯებზე მთელ მსოფლიოში. (გთხოვთ, დეტალური მონაცემები იხილეთ IATA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე).

მიუხედავად არსებული ვითარებისა, ჩვენთვის უმთავრეს პრიორიტეტად რჩება მომსახურების ხარისხის სტაბილურობა და მომხმარებლისთვის საიმედო სერვისის უწყვეტად შეთავაზება. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კომპანიის შიდა რესურსების მობილიზებით - 2026 წლის 20 მარტამდე ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე შევინარჩუნოთ მოქმედი ტარიფი - $9/კგ.

2026 წლის 20 მარტიდან, ამერიკის საწყობში მიღებულ ამანათებზე კი ამოქმედდება განახლებული ტარიფი:
• ტრანსპორტირების ღირებულება: $9.95/კგ.
• წონის დაანგარიშება: კვლავ განხორციელდება რეალურ და მოცულობით წონებს შორის მეტობის პრინციპით.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია თქვენი ნდობა და გვესმის ის პასუხისმგებლობა, რომელსაც ეს ნდობა გვაკისრებს. ჩვენი გუნდი აგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ მაქსიმალურად საიმედო, სწრაფი და ხარისხიანი სერვისი მოგაწოდოთ, მიუხედავად გლობალური ბაზრის გამოწვევებისა", - წერია კომპანიის შეტყობინებაში.

იგეგმება თუ არა ამერიკის გარდა, სხვა მიმართულებებითაც (ჩინეთი, თურქეთი და საბერძნეთი) ტარიფების გაზრდა, ამ შეკითხვით BMG-მ კომპანიას ელ-ფოსტის საშუალებით მიმართა, რაზეც კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკას ეხება, მაგრამ "იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც ახლა მიმდინარეობს მსოფლიოში - შესაძლებელია სხვა ქვეყნებიდან ამანათების ტრანსპორტირებასაც შეეხოს ფასის მატება. ამ ეტაპზე ჩვენთვის მსგავსი ინფორმაცია ცნობილი არ არის. თუკი რაიმე სიახლე გვექნება, აუცილებლად გაცნობებთ აღნიშნულსაც".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები