ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში 27 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო გალა ვახშამი 22 ნოემბერს სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ გაიმართა, სადაც სტუმრებს არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში უმასპინძლეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლები, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ალან პარსელი, დიპლომატიური კორპუსის წევრები, ასევე ქართული და საერთაშორისო ბიზნეს საზოგადოების მაღალი რანგის წარმომადგენლები და სხვადასხვა ბიზნესასოციაციები.
საიუბილეო ღონისძიებაზე ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა BM.GE-სთან 27-წლიანი საქმიანობის შედეგებზე ისაუბრა: „დღეს აღვნიშნავთ 27 წლის იუბილეს, მას შემდეგ, რაც ამერიკის სავაჭრო პალატა დაარსდა. მთელი ეს პერიოდი, დიდი სიამაყით ვთქვა, რომ ზრდით და პოზიტიური ტენდენციებით აღინიშნებოდა. თავდაპირველი 10 კომპანიიდან იმდენად გავიზარდეთ, რომ წელს უკვე 280 წევრი კომპანია გვყავს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს მოიცავენ და რომლებიც დღეს, ჩვენს გვერდით აღნიშნავენ ამ თარიღს.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს სპონსორებს, კოლეგებს, საელჩოებს და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს იმისთვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან და იზიარებენ ამ დღეს“, - განაცხადა ირაკლი ბაიდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის სავაჭრო პალატა საქართველოში(AmCham) ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და გავლენიანი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა, რომელიც 270-ზე მეტი წევრი კომპანიისგან შედგება. AmCham– ის ძირითადი მიზანია აშშ – საქართველოს შორის ურთიერთობების დამყარება და საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება.


























