ამერიკის ათობით შტატი Meta-ს თავისი სოციალური ქსელის პლატფორმების გამო ფედერალურ სასამართლოში უჩივის. სახელმწიფო ადვოკატთა გაერთიანება მიიჩნევს, რომ Meta-ს სოციალური ქსელები - Facebook და Instagram - უარყოფით გავლენას ახდენს მცირეწლოვან ბავშვებსა და თინეიჯერებზე და დამოკიდებულებას იწვევს - ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
კალიფორნიის ფედერალურ სასამართლოში Meta-ს წინააღმდეგ სარჩელი 33 შტატის წარმომადგენელმა შეიტანა. ოფიციალურ წერილში წერია, რომ Meta საზოგადოებას სოციალური პლატფორმებით სარგებლობასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ მცდარ წარმოდგენას უქმნის და გამიზნულად იწვევს ბავშვებში სოციალურ მედიაზე იძულებით დამოკიდებულებას.
მრავალი ბიზნესისათვის მცირეწლოვანი ბავშვები სამიზნე აუდიტორიას უკვე დიდი ხანია განეკუთვნებიან. ამ ასაკის ადამიანები კომპანიის ერთგულ მომხმარებლად უფრო მარტივად ყალიბდებიან, ასევე, არაერთი ბრენდი სოციალურ პლატფორმებზე სწორედ საბავშვო სეგმენტზე გათვლილ რეკლამებს ათავსებენ, რადგან ისინი მსგავსი მარკეტინგული ხრიკების მიმართ გაცილებით მოწყვლადები არიან, ვიდრე - უფროსები.
სარჩელის თანახმად, ბავშვების მიერ Meta-ს პლატფორმებით სარგებლობა ბავშვებში დეპრესიასთან, შფოთვით აშლილობასა და ინსომნიასთანაა ასოცირებული. ასევე, კვლევის თანახმად, სოციალური ქსელებით სარგებლობა ხელს უშლის საგანმანათლებლო პროცესებში ბავშვის ჩართვასაც.
მეტას განცხადებით, სარჩელი “იმედის გამცრუებელია” - კომპანიას ამ პრობლემის გადაჭრის გზად თინეიჯერებისთვის გათვლილ აპლიკაციებზე მონიტორინგის დაწესებაში ხედავს.
სასჯელის სახით Meta-ს თითოეულ დადასტურებულ დარღვევაზე $1 000-დან $50 000-მდე ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა მოუწევს - რამაც, საბოლოოდ, შესაძლოა მილიონობით ზარალი მოუტანოს კომპანიას, რადგან Facebook-სა და Instagram-ს მილიონობით მცირეწლოვანი მომხმარებელი ჰყავს.