ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პიტ ჰეგსეტი 12 თებერვალს, ბრიუსელში დაგეგმილ NATO-ს მინისტერიალს არ დაესწრება. მის ნაცვლად აშშ-ის ინტერესებს ჰეგსეტის ის მოადგილე წარმოადგენს, რომელიც იზოლაციონისტური და NATO-სადმი სკეპტიკური განწყობებითაა გამორჩეული.
საუბარია პენტაგონის თავდაცვის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ ელბრიჯ კოლბიზე, რომელიც ევროპაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირებას უჭერს მხარს და ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის განვითარების სწორ სტრატეგიად იზოლაცია მიაჩნია. სწორედ კოლბი მონაწილეობდა აქტიურად თავდაცვის დეპარტამენტის იმ განახლებული სტრატეგიის შექმნაზე, რომლის თანახმადაც რუსეთი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა სერიოზულ საფრთხეებად აღარ აღიქმება, ჩინეთის სტატუსი, როგორც პირდაპირი კონკურენტის, შესუსტებულია.
ამ დოკუმენტის თანახმად, აშშ-მა ევროპაში წარმომადგენლობა უნდა შეამციროს, რადგან თავად ევროპულ სახელმწიფოებს შესწევთ ძალა, დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.
აღსანიშნავია, რომ ეს დონალდ ტრამპის ახალი ადმინისტრაციისთვის მეორე მინისტერიალი იქნება. წინა ჯერზე, როცა სამიტს თავად ჰეგსეტი დაესწრო, ეს სერიოზული საერთაშორისო გამოხმაურებით დასრულდა, რადგან მაშინ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა NATO პირდაპირ ეთერში მკაცრად გააკრიტიკა და კოლექტიური თავდაცვისთვის საკმარისი ხარჯების გამოყოფისაგან თავის შეკავებაში დაადანაშაულა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ გადაწყვეტილება ახლა თავად პრეზიდენტის ეკუთვნის და მისი მიზანი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებისთვის იმის ხაზგასმაა, რომ ორგანიზაცია მისთვის პრიორიტეტული აღარაა. შეგახსენებთ, გრენლანდიის საკითხის გამო ევროპულ და ამერიკულ მხარეებს შორის სერიოზული დაპირისპირება დაიწყო და ამ ეტაპზე მისი ჩაცხრობა მხოლოდ NATO-ს ხელმძღვანელსა და ტრამპს შორის პირდაპირი მოლაპარაკებით მოხერხდა, რა დროსაც გრენლანდიის შესახებ ჩარჩო-შეთანხმების შეიქმნა.




























